იტალიის სერია A-ში აღზევებული “პესკარას” 19 წლის გამთამაშებელი მარკო ვერატი იტალიური ფეხბურთის მთავარ ამამომავალ ვარსკვლავადაა მიჩნეული. “სკუადრა აძურაში” ის ანდრეა პირლოს შემცვლელადაც კია მიჩნეული და ამრიგად, მისდამი ინტერესი ძალიან დიდია.
ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ, დაინტერესებას არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და დიდი ალბათობით, ახალ სეზონს ის აპენინის ნახევარკუნძულის მიღმა დაიწყებს. ყველაზე დიდ ინტერესს ვერატის მიმართ ფრანგული გრანდი პსჟ იჩენს და არაა გამორიცხული, მომავალ სეზონში 19 წლის ტალანტმა ლეონარდოს გუნდში, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ითამაშოს.
მარკო ვერატი მკითხველებს უფრო ახლოს La Stampa-მ გააცნო.
- იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ თქვა, რომ იტალია ჩამორჩენილი ქვეყანაა. ეთანხმებით მის მოსაზრებას?
- ჩამორჩენილი და გაბრაზებული. ვფიქრობ, თაობებს შორის უფრო მჭიდრო კავშირი უნდა იყოს. ჩვენ, ახალგაზრდები, სწავლისაკენ მივისწრაფით, მაგრამ ამისათვის გვჭირდება მაგალითები, რათა წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ.
- რა სირთულეების წინაშე ხვდება ახალგაზრდობა?
- მხოლოდ ერთსვიტყვი: თუ გვსურს ცხოვრება გავიადვილოთ, ყველანი უნდა ვისწრაფოდეთ უბრალოებისკენ.
- იტალიაში ახალგაზრდებს უმაღლეს დონეზე დამკვიდრება უჭირთ?
- თავიდან სწორედ ასე იყო და საბედნიეროდ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია იცვლება.
- თქვენი წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?
- მოდით ნუ ვიჩქარებთ, დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. მთლიანობაში, ჩემ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. უწინარესად, ესაა ოჯახი, რომელსაც ჩემი მუდამ ესმოდა და მუდამ გვერდში მედგა. ასევე, შრომის კულტურა, რომელიც მისტერ ზემანმა გამაცნო. და რა თქმა უნდა მშობლიური ქალაქის კლუბი, სადაც ჩემი მუდამ სწამდათ. ფეხბურთს ბავშვობიდან ვაღმერთებ და მისით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
- ევროპის ჩემპიონატის წინ, კოვერჩიანოს ბაზაზე განვლილ შეკრებაზე რა ისწავლეთ?
- ყოველთვის ვცდილობ, რომ ავითვისო ის საიდუმლოებები, რომლებსაც გამოცდილი ფეხბურთელები ფლობენ. “სკუადრა აძურას” შეკრების დროს დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთება. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ამ გუნდს მოულოდნელობების შემოთავაზება შეეძლო, რადგან ვიგრძენი კოლექტივის ერთიანობა და დავინახე, ყველას მიერ აღიარებული ჩემპიონები, რომელთაც შეეძლოთ თავი მაღლა სჭეროდათ, როგორ იქცეოდნენ უჩვეულოდ მორიდებულად.
- პრანდელიმ არჩევანი ახალგაზრდობაზე შეაჩერა, ეს სწორი მიმართულებაა?
- ვფქრობ, კი. არ მახსოვს ნაკრებში ამდენი ახალგაზრდა ოდესმე თუ ყოფილა. ამასთან, არა მხოლოდ ნაკრებში, სიტუაცია კლუბებშიც იცვლება. განვლილ სეზონში “პესკარა” იყო ახალგაზრდა, წარმატებული იტალიური გუნდის მაგალითი, რომელშიც გამოცდილების გვერდით ისეთი ფეხბურთელები გაიხსნენ, როგორებიც მე და ინსინე ვართ.
- რას წარმოადგენს პრანდელი იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ მოუწევთ ფეხბურთში დასამკვიდრებლად ბრძოლა?
- მისი ხელმძღვანელობით პროგრესში დარწმუნებული უნდა იყო. ეს შემთხვევითი სულაც არაა, რადგან თავის დროზე ის სწორედ ბავშვთა სექტორში მუშაობდა. მე სანაკრებო შეკრებაზე სულ რამდენიმე დღე დავყავი მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ კაცისგან მხოლოდ პოზიტივი და სიმშვიდე მოდის. მის წარმატებაზე შედეგებიც მეტყველებს.
- როგორი წარმოგიდგენით იტალიის ნაკრები მომავალში?
- ისეთივე მიზანსწრაფული, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებ, გამარჯვებულიც.
- რას ფიქრობთ ფედერაციასა და კლუბებს შორის არსებულ უთანხმოებაზე?
- ეს დელიკატური საკითხია, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ყველა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - გავიდეს მოედანზე, ისწავლოს და ითამაშოს რაც შეიძლება ბევრი. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულ კალენდარს რამენაირად შევეწყობით.
- როგორც მაყურებელს, რა იყო ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი?
- იმის ხილვა, როგორ ამარცხებდა ჩვენი ნაკრები ინგლისს და გერმანიას, ეს ფანტასტიკური იყო. მაშინ ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია.
- იტალიის ჰიმნი თუ იცით? მზად ხარ ის ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეასრულოთ?
- მე ის არაერთხელ შემისრულებია, ოღონდ, ჯერჯერობით მხოლოდ ტელევიზორთან.
- ვინ იყო თქვენი კერპი?
- დელ პიერო.
- ახლანდელ ნაკრებში?
- პირლო.
- მზად ხართ მისი მემკვიდრე გახდეთ?
- შეუძლებელია იმის გამეორება, რასაც ანდრეა პირლო აკეთებს - ის უნიკალურია! ვიმედოვნებ, ოდესმე მის მხარდამხარ ვითამაშებ. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
- ნაკრებთან დაკავშირებული ოცნება თუ გაქვთ?
- სანაკრებო გამოსვლები ბავშვთა გუნდებში დავიწყე და 20 და 21-წლამდელთა ნაკრებების გავლით, ეროვნულ გუნდში მოვხვდი. ახლა ჩემი ოცნება ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო თამაშის ჩატარებაა და ვიმედოვნებ, ამ ოცნებას უახლოეს მომავალში ავისრულებ.
ზურა ქსოვრელი







