“მანჩესტერ სიტის“ აფროიტალიელი თავდამსხმელი – მარიო ბალოტელი, ცოტა უცნაური და ნაგიჟარი კაცი რომ იყო, ეს საქვეყნოდ გახლდათ ცნობილი, მაგრამ ბოლო დროს ბალოტელიმ იმდენი ქნა, რომ გულშემატკივრების გარდა, მანჩესტერში საკუთარი მეზობლებიც კი გადაიკიდა. “სიტის“ რამდენიმე დღის წინ, ფერადკანიანმა ფორვარდმა მეზობლებს ახლადნასწავლ ინგლისურ ენაზე მსხვილ-მსხვილი უხამსობები უძღვნა და თუ რაიმე უზრდელური სიტყვა იცოდა, ყველა ზედ მიახარჯა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთმა მეზობელმა ბალოტელისთან სტუმრად მყოფ მარიოს მეგობარს უფლება არ მისცა, ავტომობილი მის ეზოში დაეყენებინა და ზრდილობიანად განუმარტა, რომ მას არ სურდა უცნობი ადამიანების ავტომობილის უნებლიე დარაჯი გამხდარიყო.
როდესაც ეს ამბავი ბალოტელიმ შეიტყო, ახტა და აიქოჩრა –აქაოდა, ეს როგორ მაკადრეთო... მიეჭრა მეზობელს და ერთი ამბავი ატეხა. საბედნიეროდ, ბალოტელი მალევე დააშოშმინეს, მაგრამ ფეხბურთელს პოლიციისათვის ახსნა-განმარტების მიცემა მაინც მოუწია. მოკლედ, ამ კაცმა თავისი “მყრალი“ ხასიათი ინგლისელებსაც გააცნო და თუ ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული, რომ ბალოტელის ბრიტთა კუნძული უკან სულ მალე მოატოვებინონ.







