ჩოგბურთი

13:03 | 10.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა: “კორტზე კიდევ ბევრის მიღწევა შემიძლია”

საფრანგეთის ღია პირველობაზე საჩემპიონო ტიტული მოპოვების შემდეგ მარია შარაპოვა ქალებს შორის მეათე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოთხივე სადიდსლემო ტურნირის მოგება მოახერხა. შარაპოვამდე ამის გაკეთება მორინ კონოლი-ბრინკერმა, დორის ჰარტმა, შირლი ფრაი ირვინმა, მარგარეტ კორტმა, ბილი-ჯინ კინგმა, კრის ევერტმა, მარტინა ნავრატილოვამ, შტეფი გრაფმა და სერენა უილიამსმა შეძლეს.

- “დიდი სლემის” ოთხივე შემადგენელი კომპონენტი “შეაგროვეთ”. ამის გაკეთება ისეთმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელებმა ვერ მოახერხეს, როგორებიც ილიე ნასტასე, პიტ სამპრასი, კენ როზუოლი არიან... სავარაუდოდ, დღეს კარიერის უბედნიერესი მომენტი განიცადეთ. უპირველესად რა გაგახსენდათ, როცა გონებაში წარსულის ეპიზოდებმა გაგიელვათ?
- საფრანგეთის ღია პირველობის მოგებამდე ძალიან დიდი საჩოგბურთო გზა გავიარე. მე ხომ ჩოგანი პირველად ხელში პატარა ასაკში ავიღე. კარიერის შეჯამებას რაც შეეხება, საამისო დრო ჯერ არ დამდგარა. თამაშის გაუმჯობესება და აქედან გამომდინარე, კიდევ ბევრის მიღწევა შემიძლია. ყოველ შემთხვევაში საამისოდ არაფერს დავიშურებ.
- კარიერის დასაწყისში გრუნტის კორტზე თავს უხერხულად გრძნობდით...
- დიახ, ასე იყო.
- რომელიმე კონკრეტულ მატჩში იგრძენით, რომ ამ საფარზეც შეგეძლოთ დიდი წარმატების მიღწევა თუ თანდათან ხვეწდით გრუნტის კორტზე ასპარეზობის აუცილებელ კომპონენტებს?
- ალბათ, თანდათან ვპროგრესირებდი. ვერ ვიხსენებ ისეთ კონკრეტულ მომენტს, როცა საკუთარ ტავს შევუძახე, აი, ახლა გრუნტზეც ტრიუმფული გამოსვლა შემიძლია. საფრანგეთის ღია პირველობაზე უწინ გამართულ შეხვედრათაგან კი ყველაზე მეტად 2010 წლის გათამაშების მესამე წრის მატჩი მახსენდება. ჟუსტინ ენინთან სამსეტიანი დაძაბული პაექრობა დავთმე.
- ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრება მოიგეთ, მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაბრუნდით. კიდევ რამე დაგრჩათ საოცნებო?
- მიზანი და ოცნება ყოველთვის ერთი და იმავე მაქვს – მინდა მუდმივად პირველი ვიყო და ნებისმიერისთვის კარგ ადამიანად დავრჩე.
- კონკრეტულ სპორტულ ამოცანას ხომ არ გაგვიმხელდით?
- მომდევნო ტურნირები უიმბლდონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშებია. ბავშვობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე გამოსვლაზე.
- როგორ მოემზადებით ოლიმპიადისთვის?
- უიმბლდონის დასრულების შემდეგ ათიოდე დღით ამერიკაში გადავფრინდები. აგერ უკვე 2 თვეა, შინ არ ვყოფილვარ. შემდეგ კი ლონდონში დავბრუნდები.
- ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას სად იცხოვრებთ?
- უიმბლდონთან ახლოს ვიცხოვრე. ოლიმპიური სოფელი საასპარეზო ადგილიდან შორსაა, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.  
- სარა ერანისთან მატჩის დამთავრებისთანავე ხელში ტელეფონი აიღეთ. პირველმა ვინ მოგილოცათ “როლან გაროსის” მოგება?
- დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ მოვიგე.
- როგორ, დედა ფინალს არ უყურებდა?
- არა.


გოჩა კაჭარავა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096821