წლევანდელი უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ყველაზე დაძაბული მეოთხედფინალური შეხვედრა შოტლანდიელმა ენდი მარეიმ (4) და ესპანელმა დავიდ ფერერმა (7) ჩაატარეს. ბრიტანელმა პირველი სეტი თაიბრეიკით დათმო, თუმცა მომდევნო სამში იმარჯვა (ორში თაიბრეიკით, ერთიც 6:4 მოიგო) და კარიერის განმავლობაში ზედიზედ მეოთხედ გააღწია უიმბლდონის ნახევარფინალში. მარეისა და ფერერის მატჩი მართლაც მარათონული გამოდგა. შეხვედრამ 3 საათსა და 52 წუთს გასტანა, მისი დასრულების შემდეგ კი ენდი დავიდთან პირად მატჩებშიც დაწინაურდა (6:5).
ნახევარფინალში მარეი აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას (5) შეხვდება, რომელმაც გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს 7:6 (7:5), 4:6, 7:6 (7:3), 6:2 სძლია. “მოხარული ვარ, კარიერის განმავლობაში მეორედ რომ მეძლევა უიმბლდონის ფინალში გასვლის შანსი. მომავლა მატჩში ჩემი საუკეთესო თვისებების სრულად გამოვლენას შევეცდები. აქამდე მაყურებელი მქომაგობდა, მაგრამ მარეისთან ამის იმედი ნაღდად არ მექნება. მთავარია, მსაჯობა იყოს ობიექტური”, - განუცხადა ინგლისელ ჟურნალისტებს ცონგამ.







