შოტლანდიელმა ენდი მარეიმ პლანეტის პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:2, 7:5 მოუგო, დუბაის ტურნირის ფინალში გავიდა და თავისი რიგით 23-ე ტიტულის მოსაპოვებლად როჯერ ფედერერისა და ხუან მარტინ დელ პოტროს შორის გამარჯვებულს შეერკინება.
24 წლის მარეიმ ადვილად მოიგო პირველი სეტი და მეორეშიც 5:2 დაწინაურდა, თუმცა, ჯოკოვიჩი იოლად დანებებას არ აპირებდა და ანგარიში გააყაიმა. თუმცა, ამის შემდეგ ენდიმ მიჯრით 2 გეიმი და მათთან ერთად მატჩიც მოიგო. მატჩი საათსა და 22 წუთს გაგრძელდა, ბრიტანელის პირველი მოწოდების სიზუსტემ 71 პროცენტი შეადგინა. მარეიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩთან განცდილი მარცხის რევანში აიღო და ფინალურ ასპარეზობაზეც კორტზე მოგების განწყობით გავა. ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, მიჯრით 10 გამარჯვების შემდეგ, დუბაიში სერბმა მტკივნეული მარცხი განიცადა.







