ბევრს უცდია ჯორდანის ფენომენის ამოხსნა, თუმცა ვერავინ შეძლო. მათ შორის იყო პოეტი და გამოჩენილი სპორტული ჟურნალისტი ჯიმ მიურეი, რომელმაც შემდეგი დაწერა: „მაიკლ ჯორდანი, იგივე „მფრინავი მაიკი“, თანამემამულეებისათვის 10 ფუტის სიმაღლეზე ფრენდა. მისი შეჩერება მხოლოდ ავიაციას შეეძლო, რადგან მიწაზე იშვიათად და ისიც ენერგიის შესავსებად ეშვებოდა, შემდეგ კი ისევ მაღლა მიიწევდა“.
ჯორდანის სრულად დახასიათება არავის ძალუძს, ერთი კი ცხადია - ის ყველაზე შთამბეჭდავი კალათბურთელი იყო, მათ შორის, ვინც კი ოდესმე მოედანზე გასულა.
მან კარიერა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში დაიწყო. ახალბედა მაიკი თავშეკავებულად თამაშობდა, რაც უფროს და გამოცდილ კალათბურთელებს შეეფერებათ. მასთან ერთად ჩრდილოელებმა NCAA-ის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. ჯორდანის 5 მეტრიდან, ისარივით ნასროლი ბურთი ჩრდილოეთ კაროლინას, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დამარცხებაში დაეხმარა - 63:62. ორი წლის შემდეგ, 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მან ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში იმარჯვა და სტუდენტთა შორის წლის სპორტსმენად დასახელდა. მაიკის პოტენციალი და ქულების მოპოვების უნარი თავდაპირველად, დისციპლინირებული კალათბურთის მიღმა იმალებოდა. ნბა-მ მუდამ მოძრაობაში მყოფ კალათბურთელად დაასახელა, რომლის ნაკლიც მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშობდა. ამის გამო, იმავე წელს დრაფტში ნბა-ს მესამე მოთამაშედ დაასახელეს. ჯორდანს 7-ფუტიანმა აკიმ ოლაჯუონმა და კიდევ უფრო მაღალმა სემ ბოუიმ გადაუსწრეს, რაც დიდი შეცდომა იყო. მაიკი ყველა მოწინააღმდეგე გუნდს გაუსწორდა. საოცარ ბურთებს აგდებდა. „ჩიკაგო ბულზის“ შემადგენლობაში, მესამე მატჩში 37 ქულა გააკეთა, მერვეში - 45. პირველი 15 შეხვედრის განმავლობაში 25 ქულაზე ნაკლები არ მოუპოვებია, საშუალოდ კი 28 ქულას აგროვებდა, რამაც წლის ახალბედას ტიტული მოუტანა.
მიუხედავად ამისა, ჯორდანზე ლეგენდა მოედანზე ჩადენილი გმირობებით არ დაწყებულა. პროფესიულ კალათბურთში ყოფნის პირველ წელიწადს, 1985 წლის გაზაფხულზე, მაიკი რეკლამაში გადაიღეს. მაყურებელმა ეკრანზე ათლეტური ფიგურა იხილა, რომელიც ერთხანს ბურთით ხელში გაშეშებული იდგა, ფეხზე კი „technicolor“-ის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. საავიაციო ძრავების ხმაზე, შორიახლოს მყოფი სპორტსმენი ნელ-ნელა რბენას იწყებდა და თანდათან ჰაერში იწეოდა. ჯორდანი 10 წამის განმავლობაში მიფრინავდა, შემდეგ კი ცალ ხელს, რომელშიც ბურთი ეჭირა, სუპერმენივით წინ იშვერდა. ფრენისას, ამერიკელი გეოგრაფიულ საზღვრებსა და შეზღუდვებს არ ცნობდა. რეკლამამ შედეგი გამოიღო - ორი წყვილი „nike every kid“-ის კედის ქონა აუცილებლობად იქცა. მაიკლ ჯორდანი ახალი თაობის კერპი გახდა, რადგან მან ბავშვთა ოცნებებს ფრთები შეასხა. „nike“-მა ჯორდანი ნბა-ს ყველაზე ცნობად კალათბურთელად აქცია. ამ დროს კი, მან ფეხის ტრავმა მიიღო და მეორე სეზონში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა. მაიკმა ამით დაამტკიცა, რომ ისიც ადამიანია. თუმცა გუნდს მალევე დაუბრუნდა, რათა პლეი ოფში გაეყვანა. უცვლელ ჩემპიონ „ბოსტონ სელტიკთან“ ჯორდანი მფრინავ აკრობატად იქცა, ტრიალებდა, ბზრიალებდა და კომპასის გაგიჟებულ ისარს ჰგავდა, რომელიც მხოლოდ წამით ჩერდებოდა, რათა სროლისათვის მომზადებულიყო. „კელტებთან“ თამაშისას, სამ მატჩში საშუალოდ 43, 7 ქულას აკეთებდა, ერთ-ერთში კი 63 ქულა მოაგროვა. საკალათბურთო საზოგადოებამ მაიკი ბოლომდე მესამე წელს აღმოაჩინა. ჯორდანი ისე თამაშობდა, თითქოს ზეციურ ძალებს ემსახურებოდა. მისი ხილვისას მაყურებელი ხშირად ნანახს ვერ იჯერებდა. წარმოუდგენელი ტრაექტორიებიდან ისროდა, შულერის მსგავს პასებს იძლეოდა, გამუდმებით მოძრაობდა, თითქოს ეშინოდა, რომ მის ფეხებქვეშ ბალახი ამოიზრდებოდა. სინამდვილეში კი, მიკროსკოპულ პოზიციურ სარგებელს ეძებდა, მისი მოპოვების შემდეგ კი, ბურთს კალათში უშეცდომოდ ათავსებდა.
ჯორდანის შეჩერება შეუძლებელი იყო, თითქმის ნებისმიერი ადგილიდან ზუსტად ისვრიდა. ლიგაში ასპარეზობის მესამე წელს რვა მატჩში 50 და მეტი ქულა გააკეთა. 3041 ქულით კი ბომბარდირების სიის სათავეში მოექცა. ამ მონაცემებით უილტ ჩემბერლენს გაუტოლდა, რომელიც ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც ერთ სეზონზე 3000 ქულაზე მეტი გააკეთა. მას 430 მოხსნა, 236 ჩაჭრა და 125 დაფარება ჰქონდა.
1987/88 წლებში ჯორდანმა კვლავ დაიპყრო ლიგის საუკეთესო სნაიპერთა სია. სხვა მონაცემებითაც ლიდერობდა, თუმცა საუკეთესო მხოლოდ შედეგის გამო როდი იყო. იმ წლის ყველაზე ძვირფას და საუკეთესო მცველად დაასახელეს. თვით ბობ კოულიმ კი განაცხადა: „მაიკი კალათბურთის მონა ლიზაა. მას სუსტი წერტილები არ აქვს“.
ჯორდანი კარიერასა და რეკორდების დამყარებას განაგრძობდა. 7 წლის განმავლობაში ნბა-ს საუკეთესო სნაიპერის ტიტულს ინარჩუნებდა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კი, „ხარები“ ჩემპიონებად აქცია.
ვინც კალათბურთში ერკვეოდა, ყველამ იცოდა, რომ ნბა-ში ერთი მოთამაშე იყო და არა 324. მაიკი ცდილობდა მიღწეულით დამტკბარიყო, თუმცა პოპულარობას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. პრესა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ყოველ მის მოძრაობას ადევნებდა თვალს. თითოეული მისი სიტყვა და ჟესტი განხილვის საგანი ხდებოდა. ბოლოს ჯორდანმა განაცხადა, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს და კალათბურთიდან ბეისბოლში წავიდა, სადაც „ბირმინგემის ბარონების“ აუტფილდერის რანგში მოგვევლინა.
ბეისბოლში გატარებული ერთი წლის შემდეგ, საკალათბურთო საზოგადოების გასახარად მაიკი კვლავ კალათბურთს დაუბრუნდა. ხსენებული სპორტის სახეობა ასეთი პოპულარული ხომ სწორედ მისი წყალობით გახდა. “თუ მომდევნო 20 წლის განმავლობაში კალათბურთი ისევ იარსებებს, ხალხი მაიკლ ჯორდანზე ისაუბრებს“, - განაცხადა ნბა-ს ყოფილმა ვარსკვლავმა ელჯინ ბეილორმა.
დღეს მაიკლ ჯორდანს დაბადებიდან 49 წელი შეუსრულდა.
რუსუდან ჭუმბურიძე









