კალათბურთი

16:45 | 6.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“მაიამიმ” მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

როგორ დასრულდება “მაიამი ჰითისა” და “დალას მავერიქსის” ფინალური დაპირისპირება, ძნელი სათქმელია, მაგრამ გუნდებს რომ გულშემატკივრების მხრიდან დიდი მადლობა ეკუთვნით, უკვე ფაქტია. ფლორიდულ-ტეხასური შერკინება დრამატულად მიმდინარეობს და როგორც წესი, ყველაფერი ბოლო წამებზე ირკვევა. ასე გახლდათ სერიის მესამე შეხვედრაშიც, რომელსაც დალასმა უმასპინძლა და მიუხედავად “მავერიქსის” მორიგი გმირობებისა, გამარჯვება “ჰითს” დარჩა – 86:88.

შესაბამისად, მაიმელები 2:1 დაწინაურდნენ.
“გმირობები” შემთხვევით არ გვიხსენებია. სერიის მეორე მატჩში რიკ კარლაილის შეგირდებმა 15-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო ექვსწუთნახევარში “ამოიღეს” და სტუმრები “ხახამშრალნი” დატოვეს, ახლა კი, მორიგი “ფოკუსი” არ გამოუვიდათ, თუმცა, ბევრიც არ დაკლებიათ.
“ჰითი” თამაშში პირველად საწყისი მეოთხედის მიწურულს დაწინაურდა და შემდგომში 12 ქულითაც რამდენჯერმე ლიდერობდა, მაგრამ ნერვულ ფინიშს მაინც ვერ გადაურჩა. მესამე პერიოდის მიწურულს დალასელებმა მცირე მონაკვეთი 15:2 მოიგეს და ანგარიში 57:57 გახადეს, თამაშში კიდევ ერთხელ “დაბრუნება” კი უკვე საფინალო სირენამდე 2.27 წუთით ადრე შეძლეს, როდესაც დირკ ნოვიცკიმ ტაბლოზე 84:84 დააფიქსირა.
ცხადი იყო, “ემერიქან ეარლაინს არენაზე” შეკრებილ 20 340 მაყურებელს დაუვიწყარი ფინალი ელოდა. ასეც მოხდა. მატჩის დასრულებამდე 39 წამით ადრე, კრის ბოშმა წინ ისევ “ჰითი” გაიყვანა (88:86) და მართალია, გუნდებს თავის გამოსაჩენად საკმაო დრო ჰქონდათ, ანგარიში აღარ შეცვლილა.
მასპინძელთა სამწუხაროდ, გუნდი ნოვიცკიმ “დააღალატა”, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა, თუმცა, გადამწყვეტ ჟამს ვეღარ იყოჩაღა. დირკმა არაზუსტი პასი განახორციელა, სტუმართა “ჩაფლავებული” იერიშის შემდეგ კი, უკვე საშუალო მანიძილიდან უტევდა, თუმცა, შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა ვერ მოახერხა.
ფინალური სერიის მომდევნო ორ მატჩი, 8 და 10 ივნისს კვლავ დალასში შედგება, საჭიროების შემთხვევაში კი, დასკვნით ორ თამაშს, 13 და 15 ივნისს “ჰითი” უმასპინძლებს, რომელსაც მოედნის უპირატესობა ისევ “ჯიბეში” აქვს. 
 
დალასი – მაიამი 86:88 (22:29, 20:18, 22:20, 22:21)
დალასი:
ნოვიცკი (34 ქ. 11 მ.), მერიონი (10 ქ.), კიდი (9 ქ. 10 პ.), ჩენდლერი (5 ქ. 11 მ.), სტივენსონი (3 ქ.); ტერი (15 ქ.), ბარეა (6 ქ.), სტოიაკოვიჩი (2 ქ.), მაინმი (2 ქ.), კარდინალი.
მაიამი: უეიდი (29 ქ. 11 მ.), ბოში (18 ქ.), ჯეიმსი (17 ქ. 9 პ.), ბიბი (3 ქ.), ენტონი (2 ქ.); ჩალმერსი (12 ქ.), ჰასლემი (6 ქ.), ჰოვარდი (1 ქ.), მილერი.
მაიამი იგებს სერიას 2:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095262