მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე გასამართი ორი ტურიღა დარჩა, ლიდერი კი კვლავაც ჩინელი იიფან ჰოუ (2577) გახლავთ, რომელიც შავი ფიგურებით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეს (2514) უკვე მე-17 სვლაზე დაუზავდა და თავი 6.5 ქულას მოუყარა.
ჰოუს ნახევარი ქულით ინდოელი ჰუმპი კონერუ (2600) და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2560) ჩამორჩებიან, რუსი ტატიანა კოსინცევასა (2562) და ჩიბურდანიძის აქტივში კი 5.5-5.5 ქულაა.
მე-10 ტურში ჩიბურდანიძე შავებით ჩინელ ჩენ ჟუს (2476) ეთამაშება, 11 აგვისტოს კი, უკანასკნელ პარტიას, თეთრებით, ასევე ჩინელ შენ იანგთან (2435) ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული (ჩიბურდანიძის აქტივში მხოლოდ 85 ქულაა). ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჰოუს, ხოლო კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის უკანასკნელი შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
გრან-პრის თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90 ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750
გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
მე-9 ტური
ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2476) – შენ იანგი (ჩინეთი, 2435) 0.5:0.5
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2577) 0.5:0.5
ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2421) – ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2235) 1:0
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) 1:0
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2562) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2600) 0.5:0.5
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2462) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2488) 0:1
1. ჰოუ – 6.5; 2. კონერუ – 6.0; 3. სტეფანოვა – 6; 4. კოსინცევა – 5.5; 5. ჩიბურდანიძე – 5.5; 6. ჟაო – 5.0; 7. ქსუ – 4.5; 8. შენი – 4.0; 9. მუნგუნტაალი – 3.5; 10. ჟუ – 3.0; 11. სებაგი – 2.5; 12. ილდიზი – 2;







