ფეხბურთი

4:13 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდულ დერბიში ბრჭყალები „ატლეტიკომაც“ გამოაჩინა

დიეგო სიმეონეს გუნდმა "რეალი" უტიტულოდ დატოვა

კოპა დელ რეის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს მადრიდული კლუბები – „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. გამარჯებულის გამოსავლენად, 90 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა, სადაც დიეგო სიმეონეს გუნდმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აართვა „სამეფო კლუბს“ თასი. ამგვარად, ახალი სეზონის წინ გასამართ ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩებში, „ელ კლასიკოს“ ვერ ვიხილავთ, რადგან კატალონიის „ბარსელონას“ მეტოქე „ატლეტიკო“ იქნება.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადართათვის, დღევანდელი მატჩი კარგად დაიწყო – ჟოზე მოურინიოს გუნდმა მისია შეასრულა და საწყის 15 წუთშივე მოახერხა დაწინაურება. კუთხურის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ნახტომში ეფექტური თავური შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, წონასწორობა აღდგა – რადამელ ფალკაომ მეურვე ჩამოიშორა და დიეგო კოსტას უპასა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ბრაზილიელმა კი, იოლად აიღო დიეგო ლოპესის კარი.

ბევრი ელოდა, რომ მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო გაიხსნებოდა და ბევრი გოლიც გავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ძირითადად, „რეალის“ ფეხბურთელები აწუხებდნენ სიმეონეს შეგირდებს და რამდენიმე ძალზე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი ყოჩაღობდა. საგულისხმოა, რომ ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილებმა ბურთი ძელს 3–ჯერ გაარტყეს, რაც „რეალისთვის“ უიღბლო დღის ჭეშმარიტი დასტური იყო.

ასე იყო თუ ისე, მატჩისთვის განკუთვნილი 90 წუთი საყაიმო ანგარიშით დასრულდა და ბრძოლაც გაგრძელდა. დამატებით 15–წუთიან ტაიმებში, მოედანზე ვითარება საგრძნობლად დაიძაბა და შეხლა–შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. მთავარ არბიტრ კლოს გომესს სამსაჯოდ მძიმე მატჩი შეხვდა – ესპანელმა ფეხბურთელებს 13 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.

საბოლოოდ, ბრძოლაში გამარჯვება „ატლეტიკოს“ დარჩა – 98–ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა ჟუან მირანდამ თავური დარტყმით დაამწუხრა „სამეფო კლუბი“ და როგორც შემდეგ გაირკვა, თავის გუნდს თასიც ააწევინა – 1:2.

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 80000

რეალი – ატლეტიკო 1:2 (დ.დ) (1:1)

რეალი: ლოპესი, ალბიოლი, რამოსი, კოენტრაუ (არბელოა 91), ესიენი, ალონსო, ხედირა, მოდრიჩი (დი მარია 91), იოზილი, რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 91).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, სუარესი, გაბი, კოკე (გარსია 112), თურანი (როდრიგესი 111), კოსტა (ადრიანი 105), ფალკაო.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 რონალდუ (14), 1:1 კოსტა (35), 1:2 მირანდა (98)

გაფრთხილებები: კოენტრაუ (54), ხედირა (65), იოზილი (72), რამოსი (74), რონალდუ (90), ესიენი (101), დი მარია (119) – თურანი (38), კოსტა (69), სუარესი (100), კოკე (105), გაბი (115), მირანდა (120)

გაძევებები: რონალდუ (115) – გაბი (120)

არში დარტყმა: 14 (9) – 8 (5) ჯარიმა: 21 - 25 კუთხური: 6 - 7  ბურთის ფლობა: 54% - 46% 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.185599