მადრიდის საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზატორებმა კორტის ლურჯი ფერით შეღებვა გადაწყვიტეს, რამაც მოთამაშეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სპორტსმენთა პრეტენზიას შეჯიბრების დირექტორი ჯორჯ ცობანიანი გამოეხმაურა და ჩოგბურთელთა მიერ გრუნტის ლურჯად გადასხვაფერებით გამოწვეულ პროტესტს უსაფუძვლო უწოდა. “ჩოგბურთელებს ჯერ კორტზე გასვლას, ახალ პირობებთან გაცნობას და ადაპტაციას, შემდეგ კი თავისი თვალსაზრისის გამოთქმას ვურჩევ. განა დარბაზში მიმდინარე ტურნირებისას კორტის შეფერილობას არ ცვლიან? მაშინ რატომ უნდა იწვევდეს ასეთ მწვავე რეაქციას გრუნტის კორტზე შეცვლილი სათამაშო პირობა. მითუმეტეს, როცა მოთამაშეებს ბურთის უკეთ დანახვის საშუალება მიეცემათ”, - ციტირებს ცობანიანს ამერიკული პრესა.
ამასობაში კასტილიის დედაქალაქში მოახლოებული “მასტერზ1000”-ის წინ საკუთარი დამოკიდებულება ამ შეჯიბრებისადმი პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოხატა: “ძალიან მიყვარს ესპანეთში ჩასვლა და ასპარეზობა. მადრიდი ხომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. იქ გამორჩეული გრუნტის საფარიანი კორტის შეჯიბრება ტარდება. შარშან ფინალში რაფა ნადალს 7:5, 6:4 მოვუგე, რითაც პირველად მოვახერხე გრუნტზე მისი ძლევა. წლეულს მადრიდში გამარჯვება ურთულესი იქნება, თუმცა, საამისოდ არაფერს დავიშურებ”, - განაცხადა ესპანეთის დედაქალაქში ჩასულმა ჯოკოვიჩმა. მან ბელგრადის ტურნირის გამოტოვა და ამიტომაც მადრიდს ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია.
ამჯერად მადრიდში არ იასპარეზებენ ამერიკელები მარდი ფიში და ენდი როდიკი. სადღეისოდ პლანეტის მეცხრე ჩოგანს ესპანეთში უთამაშებლობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, კლასიფიკაციის 28-ე ჩოგბურთელმა როდიკმა კი პირენეს ნახევარკუნძულზე გამგზავრება ფეხის ტრავმის გამო იუარა.







