მას შემდეგ, რაც ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მეტოქედ წილისყრამ პოლონელთა საკალათბურთო ნაკრები გვარგუნა, ამ ქვეყნის მოთამაშეებს მეტი ყურადღებით ვაკვირდებით. დასავლეთსლავთა გუნდის ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი მეფარე მაცეი ბოლესლავ ლიამპეა, რომელსაც როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე გამოსვლის მდიდარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. 211 სმ სიმაღლისა და 25 წლის ცენტრი 201-03 წლებში მადრიდის “რეალში” გამოდიოდა, მომდევნო 3 სეზონი კი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაატარა და “ნიუ იორკ ნიკზში”, “ფინიკს სანზში”, “ნიუ ორლეან ჰორნეთსა” და “ჰიუსტონ როკითსში” იასპარეზა. მომდევნო 3 წელი პოლონელმა რუსულ კლუბებში (სანკტ-პეტერბურგის “დინამო”, “ხიმკი”) ითამაშა, შარშან კი ევროლიგის მრავალგზის გამარჯვებულს თელ-ავივის “მაკაბის” მიაშურა. რამდენიმე დღის წინ კი ლიამპემ აღთქმული მიწა დატოვა და ისევ რუსეთში, ამჯერად ყაზანის უნიკსში გადავიდა. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, ამიტომაც ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის მომხდარის თავად მაცეისეული ახსნა საინტერეოა.
- თქვენი მხრიდან “მაკაბისთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოულოდნელ ნაბიჯად აღიქმება. რატომ დატოვეთ თელ-ავივი?
- ამის ახსნა რთული ნამდვილად არაა. “მაკაბიში” თავიდან საშუალოდ 5-6 წუთს მათამაშებდნენ, შემდგომში ეს დრო 8 წუთამდე კი გაიზარდა, მაგრამ არც ეს მაკმაყოფილებდა. მწვრთნელს პირდაპირ ვუთხარი, 15 წუთზე ნაკლებს რომ არ დავჯერდებოდი, მანაც სათამაშო დრო არ მომიმატა და მეც კლუბის ხელმძღვანელობას გათავისუფლების თაობაზე თხოვნით მივმართე.
- საკონტრაქტო პირობებითაც უკმაყოფილო იყავით?
- არა. მშვენიერი ჯამაგირი მქონდა, ყაზანთან შედარებით თელ-ავივში გაცილებით უკეთესი ჰავაა, “მაკაბიც” გაცილებით ავტორიტეტული კლუბია, ვიდრე უნიკსი, მაგრამ პროფესიონალი კალათბურთელისთვის უმთავრესი მაინც სათამაშო პრაქტიკაა. ამიტომაც, დაახლოებით თვის წინ, გუნდის გამოცვლა განვიზრახე და დღესდღეობით უკვე რუსულ ლიგაში ვასპარეზობ.
- ამერიკაში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?
- ვფიქრობ. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოსვლა ხომ ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. ეს პატივი წილად უკვე მხვდა, ნბა-ში 3 წლის განმავლობაში ვასპარეზობდი და თუკი ჩვეულ ფორმას დავიბრუნებ, ვინძლო ოკეანესგაღმელი სკაუტების ყურადღება კვლავ მივიპყრო.
- პოლონური კალათბურთი ბოლოხანს აღმავლობის გზას დაადგა. ეს სანაკრებო და საკლუბო დონეს თანაბრად ეხება...
- მართალს ბრძანებთ. ეროვნულ გუნდს რაც შეეხება, 2007 და 2009 წლებში ზედიზედ ევროპის ორ ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ. დიდი სურვილი გვაქვს 2011-ში ლიტვაში ჩასატარებელ კონტინენტის პირველობაზე გამოსვლის. ძალიან გამახარა ევროლიგაში “პროკომის” წარმატებამ. გუნდმა ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის საუკეთესო 16 კოლექტივს შორის გააღწია. ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პროკომელებს გაუჭირდებათ, მაგრამ ამ ეტაპზე პირველი სტადიის დაძლევაც დიდი საქმეა.
- პოლონეთის ნაკრები ფრენბურთში ევროპის ჩემპიონი გახდა. მართალია, თითქოს ბოლოხანს თქვენს სამშობლოში სპორტის ამ სახეობამ პოპულარობით კალათბურთს რომ აჯობა?
- დიახ, ასეა. ისე, ჩემი მშობლები თავის დროზე ფრენბურთელები იყვნენ.
- უკანასკნელ პერიოდში ტრავმებს უჩიოდით...
- საგანგაშო არაფერია. აღდგენით პროცედურებს ვასრულებ და მალე სრული დატვირთვით ვარჯიშს და თამაშს შევძლებ.
გოჩა კაჭარავა







