ჭიდაობა

10:00 | 2.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: "ჯერ აქტიური სპორტსმენი ვარ"

დამოუკიდებელი ქართული ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე უხვტიტულა სპორტსმენმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ, ახლახან ბათუმში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა. უმალ, გავრცელდა ხმა, რომ მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულ ინფორმაციას მოჭიდავე თავად გამოეხმაურა და ჭორი უწოდა. “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში, ლუკა კურტანიძემ თავად ახსენა სპორტული კარიერის დასრულების სავარაუდო გეგმა, თუმც იქვე დასძინა, მონდომებით ვვარჯიშობ და შესაძლოა, საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ვიჭიდავოო.
- 30 წელია სპორტში ვარ, ბოლო 15 წელი კი არც თუ ურიგოდ გამოვდივარ საერთაშორისო არენაზე და ასე ადვილად ჭიდაობას ვერაფრით ჩამოვცილდებოდი. დასასრული ისეთივე ლამაზი უნდა იყოს, როგორიც ჩემი სპორტული კარიერა და ამის თაობაზე, უკვე სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურთან და მის მოადგილე გია გალდავასთანაც მქონდა საუბარი. ყველამ კარგად იცის, რომ გალდავა, ამავდროულად, ჩემი პირადი მწვრთნელიცაა.
- გამოდის, რომ წასვლა უკვე გადაწყვიტეთ?
- ჯერ ამის დაზუსტებით დადასტურება მიჭირს. უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
- რას გულისხმობთ?
- იმის მიუხედავად, რომ სანაკრებო შეკრებებში მონაწილეობას არ ვიღებდი, კვირაში 5 დღე ინტენსიურად ვვარჯიშობ. ძველებური მონდომებით ვემზადები და უახლოეს მომავალში, ტურნირებზე ჭიდა-ობასაც ვაპირებ.
- კონკრეტულად, როდის დაუბრუნდებით ხალიჩას? საერთაშორისო არენაზე, შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აღარ გასულხართ...
- 12-14 მარტს, მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ვიჭიდავებ. აპრილის დასაწყისში, საქართველოს აბსოლუტურ პირველობაზე გავალ ხალიჩაზე. 28-30 მაისს კი მაჰაჩყალაში, ალი ალიევის სახელობის ტურნირში ჩავერთვები. მასზე, როგორც წესი, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავეები იღებენ მონაწილეობას.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპად მიჩნეული საქართველოს ჩემპიონატი გა¬მოტოვეთ. კონტინენტის პირ-ველობაზე გამოსვლაზე არ ფიქრობთ?
- სავარაუდოდ, ევროპას გამოვტოვებ, თუმცა, ჯერ საბოლოო პასუხს ვერც ამ კითხვაზე გაგცემთ. მძიმე წონის შიდა კონკურენციაში, ბევრი რამ, ალბათ, აპრილის დასაწყისში გადაწყდება.
- გამოდის, მშობლიური 96 კილოგრამის ნაცვლად, 120-ში იჭიდავებთ?
- შარშანდელის მსგავსად, წლეულსაც მძიმე წონაში გამოვალ.
- აბსოლუტური ჩემპიონატის ჩატარება, უკვე გადაწყვეტილი ამბავია?
- როგორც ვიცი, ასეა. მოგეხსენებათ, აპრილში მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილს გასდის დისკვალიფიკაციის ვადა და შიდა კონკურენციაში ისიც მიიღებს მონაწილეობას.
- თუ თავს შეატყობთ, რომ ძველებურად საჭიდაოდ მზად აღარ ხართ, მაშინ ბოლო საერთაშორისო ტურნირს მაჰაჩყალაში იჭიდავებთ?
- უცხოურ არენაზე ასე იქნება. ქართველ გულშემატკივარს კი ივნისში გამოვემშვიდობები, ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოფიციალური გაცილების ცერემონიალი ჯერ არც ერთ მოჭიდავეს არ ჰქონია და ბედნიერი ვიქნები, თუკი ასეთ პატივს დამდებენ. თუმცა, ჯერ ამაზე საუბარი მაინც ადრეა. მომავალი ტურნირებისთვის სერიოზულად ვემზადები.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163458