გასულ სამშაბათს მიუნხენის “ბაიერნის” მიერ ტურინის “ოლიმპიკოზე” მოპოვებულმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ და “იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადანაცვლებამ, საფეხბურთო სამყარო, გარკვეულწილად, გამოაცოცხლა. ბავარიელთა ჰოლანდიელ დამრიგებელ ლუის ვან გაალს ყურადღება მანამდეც არ აკლდა, ამ მატჩის შემდეგ კი, პრესაში მასთან ინტერვიუებმა იმატა. ჩვენი გაზეთის მკითხველს, გვსურს შევთავაზოთ მასალა, რომელიც გულშემატკივარს ვან გაალის პიროვნულ პორტრეტს, მეტ-ნაკლებად გააცნობს.
- ჰერ ვან გაალ, თქვენ ყოველთვის ისეთი ფასეულობების მიმდევარი და დამცველი ბრძანდებით, როგორიც პატიოსნება, პირდაპირობა და დისციპლინაა. ძნელია ამ ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივება ფეხბურთელთა დღევანდელ თაობაში?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ჩემი გუნდების ნებისმიერი მოთამაშე, ჩამოთვლილი თვისებების ერთგულია. ბოლოს და ბოლოს, სხვა პლანეტიდან ხომ არ ვარ ჩამოფრენილი დედამიწაზე – ფეხბურთელთაგან არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვ. უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელსაც ურყევი ცხოვრებისეული პრინციპები აქვს.
- გინდათ გვითხრათ, რომ თქვენს მიერ გაწვრთნილი ფეხბურთელები კარგად გიგებდნენ?
- დიახ. ნებისმიერ მოთამაშეს პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეპყრობი.
- საფეხბურთო-სამწვრთნელო პრაქტიკაში, ასეთი რამ შესაძლებელია?
- არასწორად გამიგეთ. გუნდის ნებისმიერ წევრს ერთნაირ პატივს ვცემ, მოთხოვნებსაც ერთნაირად მკაცრს ვუყენებ და ყველასგან მაღალპროფესიულ მიდგომას ვითხოვ. ამ მხრივ, ერთიანი მიდგომა მაქვს, თუმცა, წმინდა საფეხბურთო ასპექტს რაც შეეხება, ნებისმიერ მათგანთან ინდივიდუალურად ვმუშაობ.
- მკაცრი დამრიგებლის სახელი გაქვთ დაგდებული. მოთამაშეებს თქვენი ეშინიათ?
- არა. შეგიძლიათ ფეხბურთელებს ჰკითხოთ.
- მიუნხენში ჩამოსვლის შემდეგ, შეიცვალეთ?
- იცით, როგორაა საქმე? “ბაიერნმა” თუ წააგო, თქვენი კოლეგები უმალ ანალიტიკურ სტატიას გამოაცხობენ, რომლითაც მკითხელს არწმუნებენ, ვან გაალი შეიცვალა და ბოლო ხანს, ისეთი კარგი მწვრთნელი ვერაა, როგორიც უწინ იყოო. არადა, გუნდი თუ დამარცხდა, რატომაა ეს იმის ნიშანი, რომ შევიცვალე, ვერ გამიგია. ისევ ის ლუის ვან გაალი გახლავართ, იგივე ფილოსოფიით ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი. სწორედაც ამიტომ გააკეთეს არჩევანი ჩემზე “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა მომანდეს.
- ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ცოტათი მოლბით...
- არ მიყვარს პროვოკაციული და ისეთი კითხვები, როდესაც მისმა ავტორმა წინასწარ იცის, რასაც ვუპასუხებ. გერმანიაში კი, მასმედიელებთან ურთიერთობისას ყოველთვის დელიკატური გახლდით და უკანასკნელ პერიოდშიც არ შევცვლილვარ.
- საკუთარ თავს როგორ დაგვიხასიათებდით?
- ცალმხრივი ადამიანი არ ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი საკითხი სხვადასხვა ასპექტით განვიხილო და შევისწავლო. ისე კი, დამყოლი და რბილი ხასიათი მაქვს. ამიტომაც, ცოლმა “შოფტიე” (ჩვენებურად “რბილი”, ავტ.) შემარქვა. სავარჯიშო მინდორზე, სტადიონზე და საპრესკონფერენციო დარბაზში გამოვიყურები პირქუშად და მკაცრი პიროვნების როლს ვთამაშობ, თორემ ერთი უბრალო, პირდაპირი, სწორხაზოვანი ადამიანი გახლავართ.
- ბევრი მეგობარი გყავთ?
- ბევრი. ნაწილთან ჯერ კიდევ სასკოლო მერხიდან ვმეგობრობ. 35 წელია ბანქოს ვთამაშობ და ახლობელი ადამიანები ამ “სფეროდანაც” მყვანან. ჩემს ქორწილზე 80 ადამიანი მყავდა დაპატიჟებული, რომელთა უმრავლესობა მეგობრები არიან.
- ახლობელ ადამიანებს საფეხბურთო თემებზე თუ ესაუბრებით და გარკვეულ რჩევას თუ იღებთ?
- არავითარ შემთხვევაში.
- თქვენი მეუღლე როტერდამის “ფეიენოორდის” გულშემატკივარია. წესითა და რიგით, გარკვეულ დონეზე, ფეხბურთი უნდა ესმოდეს. რაიმე სახის რჩევას არც ცოლი გაძლევთ?
- ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად დიდ დროს ატარებს, ძალაუნებურად, ფეხბურთის მოყვარული და მცოდნე გახდება. მეუღლე ძალიან ცნობისმოყვარე მყავს და ყოველთვის მაიძულებს საფეხბურთო ამბებზე საუბარს. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ მასთან, გუნდში მიმდინარე პროცესები და წმინდა სპორტული ასპექტები არასდროს განმიხილავს. სხვა საკითხებში კი, მასთან დასამალი არაფერი მაქვს და ცოლისგან ყოველთვის მხარდაჭერას და გაგებას ვგრძნობ.
- საღამოს როგორ ვითარებაში გიყვართ დროის გატარება?
- ცოლთან ერთად სანთლის შუქზე ღვინის მირთმევა მიყვარს. როცა “აიაქსში” ვმუშაობდი, სიამოვნებით გეახლებოდით “ბაკარდი კოლას”. ესპანეთში გადასვლის შემდეგ “რიოჰა” “აღმოვაჩინე” და 5 წლის განმავლობაში, ეს სასმელი ჩემთან ყუთებით მოჰქონდათ. ახლა კი, რასაც გეტყვით, დამიჯერეთ: როგორც გამოცდილი სომელიე, მოგახსენებთ – ბავარიულ ღვინოს არაფერი შეედრება.
გოჩა კაჭარავა







