მიუნხენის “ბაიერნისა” და ფლორენციის “ფიორენტინას” ორმა სამერვედფინალო დაპირისპირებამ მსაჯების შეცდომების თანხლებით ჩაიარა. ამიტომაც გუშინწინდელი მატჩის დასრულების შემდეგ ბავარიელთა ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელს ლუის ვან გაალს მის მიერ მოფიქრებულ სამსაჯო რეფორმების თაობაზეც ჰკითხეს.
- ცხელ გულზე რა კომენტარს გაუკეთებთ “ფიორენტინასთან” ჩატარებულ განმეორებით მერვედფინალურ მატჩს?
- რთული ორთაბრძოლა გადავიტანეთ. ცოტა უცნაური შეხვედრა გახლდათ - ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გასულ გუნდებს უფლება არ აქვთ ამდენი შეცდომის დაშვების. მეორე ტაიმში ცოტათი გაგვიმართლა კიდეც, თუმცა, ბიჭებმაც ბურთი კარგად დაიჭირეს და ასპარეზობის მიწურულ ანგარიშის გაქვითვაც კი შეგვეძლო. განსაკუთრებით კი ვან ბომელისა და რობენის ლამაზად გატანილმა გოლებმა გამახარა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ “ბაიერნი” საკუთარ თამაშს აჩვენებდა და დროდადრო ამას წარმატებით ვახერხებდით კიდეც. ვიმეორებ, პაექრობის მიწურულს მესამე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობლები გვქონდა და დიდწილად ალოგიკურია, საბოლოოდ მატჩი რომ წავაგეთ.
- მიუნხენში ჩატარებული პირველი შეხვედრის შემდეგ ფლორენციელები წუწუნებდნენ, თამაში მსაჯის შეცდომის გამო წავაგეთო...
- სამაგიეროდ დღეს “ფიორენტინამ” გაგვიტანა ბურთი ოფსაიდიდან. მსაჯებიც ადამიანები არიან და შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. ჩემი აზრით, 2 მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით.
- რადგან სიტყვა არბიტრზე ჩამოვარდა, თქვენს მიერ შეთავაზებულ ნოვაციაზეც გკითხავთ. რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, უპრიანი იქნება თუკი საეჭვო სიტუაციებში გადაწყვეტილებას ტექნიკა მიიღებს და არა მსაჯიო...
- ტექნიკა ბოლომდე ობიექტური, მიუკერძოებული და დამოუკიდებელია. კარგი იქნებოდა სათამაშო ბურთზე სპეციალური ჩიპი დაგვემონტაჟებინა, რომელიც ზუსტად აღნიშნავდა, გადაკვეთა თუ არა მან კარის ხაზი. ვერაფრით ამიხსნია, რატომ არ აკეთებს ამას ფიფა ამდენი ხნის განმავლობაში. შაიბიან ჰოკეიში ამგვარი პრაქტიკა ლამის 40 წელია რაც დანერგილია. როგორც კალათბურთსა და ჰოკეიში, ფეხბურთშიც აუცილებლად მიმაჩნია შეხვედრას 2 მთავარი არბიტრი მოემსახუროს. თითო მსაჯი მინდვრის ორივე ნახევარზე. ასეთ შემთხვევაში საფეხბურთო თემიდის წარმომადგენლები ბურთთან ახლოს იქნებიან და გაუგებრობებიც მინიმუმამდე დავა. გავაუქმებდი ლაინსმენის ინსტიტუტს და მათ სანაცვლოდ კომპიუტერთან ვიდეო-მსაჯს დავსვამდი.
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, სხვა სახის ცვლილებების განხორციელებასაც სთავაზობთ ფიფას...
- აუტიდან თამაშში ბურთის ფეხით შეყვანის მომხრე ვარ. თუკი ეს დაკანონდა, გუნდი, რომელიც თავს იცავს მოერიდება ბურთის წამდაუწუმ გვერდით ხაზს მიღმა გადაგდებას. ეს კი თამაშს მეტ დინამიკას შესძენს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ გამარჯვებულის მატჩისშემდგომი პენალტების სერიით გამოვლენისა. თერთმეტმეტრიანების სერია ლატარეაა და მას ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. თუკი ძირითადი დრო გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, უმჯობესი იქნება, დამატებითი დროის ყოველი 5 წუთის ამოწურვის შემდეგ გუნდებს თითო მოთამაშე გამოვაკლოთ. 96-ე წუთიდან მინდორზე 10-10 ფეხბურთელი დარჩება, 101-ედან - 9-9, 116-ე წუთიდან შემადგენლობებში 6-6 მოთამაშე იასპარეზებს. ამ სისტემის დანერგვის შემთხვევაში, გადამწყვეტი ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობა იქნება და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულიც ოვერტაიმში გამოვლინდება. თუკი ასე არ მოხდა, 6-6 მოთამაშე “ოქროს გოლამდე” გააგრძელებს პაექრობას.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







