ხვალ, 18 ივნისს ქალ მოჭადრაკეთა გრანპრის მე-5 ეტაპი იწყება, რომელსაც ყვარელში მდებარე კურორტი ლოპოტა უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირში პლანეტის 12 საუკეთესო სპორტსმენი იასპარეზებს. საპრიზო ფონდი 60 ათას ევროს შეადგენს, რომელიც 12-ვე მონაწილეზე განაწილდება.
გრანპრის გათამაშება 6 ეტაპისგან შედგება. გათამაშების თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს 4 ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა. აქედან სამ საუკეთესო ტურნირზე დაგროვილი ქულები დაითვლება და საუკეთესო შედეგის მქონე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) შეხვდება. თუ იფანმა შეძლო გრანპრის მოგება, მაშინ იგი ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად მეორე ადგილზე გასულ მოჭადრაკეს დაუპირისპირდება.
ლოპოტაში გრანპრის გათამაშების საუკეთესო წარმომადგენელთა უმეტესობა იასპარეზებს. მათ შორის იქნებიან საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალი ნანა ძაგნიძე და ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი ბელა ხოტენაშვილი.
ლოპოტას ტურნირი ერთ წრედ, 11 ტურად ჩატარდება. ადრე გამოცხადებული შემადგენლობიდან, გრანპრის მე-5 ეტაპზე უკრაინელი მოჭადრაკეები (კატერინა ლაჰნო, ანა უშენინა) არ იქნებიან, რომლებიც ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი) და ჟაო ქსიუმ (ჩინეთი) ჩაანაცვლეს.
გთავაზობთ გრანპრის მე-5 ეტაპის მონაწილე სპორტსმენთა შემადგენლობას:
- ჰოუ იფანი (ჩინეთი)
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი)
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- ჟაო ქსიუ (ჩინეთი)
- ჟუვენ ჟუნი (ჩინეთი)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
- ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
- ელინა დანიელიანი (სომხეთი)
- ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი)







