ლონდონში სტარტი აიღო ვაჟთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა, რომელშიც რაფაელ ნადალის გამოკლებით (მუხლის ტრავმა), პლანეტის 8 საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობს. ტურნირის საპრიზო ფონდი 5500000 ამერიკული დოლარია, შარშანდელი გამარჯვებული კი როჯერ ფედერერი გახლავთ.
ტურნირი ბრიტანელი ენდი მარეის და ჩეხი ტომაშ ბერდიხის დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი სეტის მეექვსე გეიმში საგანგაშო თითქოს არაფერი ხდებოდა, მარეი საკუთარ მოწოდებაზე 40:15 წინ გახლდათ, თუმცა აქ მცირე ჩავარდნა დაეწყო, არ წაუვიდა პირველი მოწოდება და ზედიზედ 4 ქულის წაგება გეიმის დათმობად დაუჯდა. ბერდიხი დამაჯერებლად ინარჩუნებდა სეტის ბოლომდე 2-გეიმიან უპირატესობას, 5:3-ზე ენდიმ მეტოქის მოწოდებაზე 2 ბრეიკპოინტი მიიღო უკუბრეიკის შესასრულებლად, თუმცა ვერ გამოიყენა ეს შანსი და პირველი სეტი ტომაშის გამარჯვებით დასრულდა - 6:3. მეორე პარტიაში ბრიტანელმა ტემპს უმატა და მისი უპირატესობაც ნელ-ნელა გამოიკვეთა, მეოთხე გეიმში მან მეტოქის მოწოდებაზე სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო და მოახერხა ბრეიკის შესრულება, მარეიმ სეტის ბოლომდე შეინარჩუნა სამგეიმიანი უპირატესობა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა - 3:6, 6:3. მესამე, გადამწყვეტი სეტის სტარტზე ტომაშმა კიდევ ერთხელ მისცა მეტოქეს საკუთარი მოწოდების აღების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა ამ მატჩში, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 3:6, 6:3, 6:4. მატჩი 2 საათი და 12 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბერდიხმა 6 ეისი შეასრულა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მარეის ანგარიშზე 7 ეისის წილ 3 ორმაგი გახლდათ.
დღის დასკვნით მატჩში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდა. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი ახერხებდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნებას, თუმცა ფრანგი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, მან სამჯერ მიიღო ბრეიკის შესრულების შანსი, თუმცა ვერცერთხელ გამოიყენა და დაისაჯა. ტაიბრეიკზე ჯოკოვიჩმა ორი მინი-ბრეიკი შეასრულა და მძიმე ბრძოლაში სეტი მოიგო - 7:6. მეორე პარტიის პირველივე გეიმში ნოვაკმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, სეტის ბოლომდე დამაჯერებლად ინარჩუნებდა ამ უპირატესობას, მეცხრე გეიმში კიდევ ერთხელ შეასრულა ბრეიკი და მატჩშიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 7:6, 6:3.
შეხვედრა 1 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ცონგამ 2 ეისი შეასრულა, მისმა მეტოქემ კი ეისების იგივე რაოდენობასთან ერთად, 1 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.
გიორგი ბარბაქაძე







