მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა და სადღეისოდ პლანეტის რეიტინგსიის ლიდერმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ერთეულთა ტურნირის მოგებით ლონდონში ჩასატარებელ წლის შემაჯამებელ ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამავე შეჯიბრებაში გამოსვლის ნება უკვე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფა ნადალსაც აქვთ. სეზონის შემაჯამებელი ასპარეზობა 5-12 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის О2 კორტებზე ჩატარდება.
“მოხარულები ვართ, როჯერი, ნოვაკი და რაფა კიდევ ერთხელ რომ წარსდგებიან ჩოგბურთის ლონდონელი გულშემატკივრის წინაშე. მაყურებელს ძალიან საინტერესო პაექრობები ელის, რადგან ტურნირის საბოლოო შედეგს პლანეტის წამყვანი მოთამაშეებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, - ამბობს ლონდონის ტურნირის დირექტორი ანდრე სილვა.
შეგახსენებთ, შარშან ლონდონში ფედერერმა იმარჯვა, რითაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს კლასიფიკაციაში მისთვის ჩვეული ადგილის დასაბრუნებლად. თავად შვეიცარიელი სამომავლო ბატალიებს ოპტიმისტურად ელოდება: “გრძელი, საინტერესო და წარმატებული საჩოგბურთო გზა გავიარე, ამასთან იმასაც კარგად ვგრძნობ, კიდევ ბევრის მიღწევა რომ შემიძლია. ცხადია, ახლა სხვაგვარად აღვიქვამ გამარჯვებებს, ვიდრე 20-25 წლის ასაკში, ამასთან, ჩემი ცხოვრებაც უფრო სტაბილური გახდა. კარიერის განსაკუთრებული ეტაპი დამიდგა და არაფრის ცვლილება არ მსურს”.







