საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატმა, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლომერ ჟორჟოლიანმა ტოკიოს დიდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ წრეში ქართველმა ქუვეითელი იუსეფ ალენეზი იპონით დაამარცხა. ბრაზილიელ ლუჩიანო კორეას ვაზარით გასცდა, ხოლო გერმანელ დინო პფაიფერს - იუკოთი და ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჰი-ტაე ჰვანს დაუპირისპირდა. შეხვედრა იპონით დასრულდა, ოღონდ კორეელის სასარგებლოდ და ლომერ ჟორჟოლიანმა უმალ მე-3 ადგილი დაიკავა, რადგან დიდ სლემზე რეპეშაჟის ჩატარებისგან თავი შეიკავეს.
100 კილოგრამში კიდევ ერთმა ქართველმა, ნოდარ მეტრეველმაც იჭიდავა, მაგრამ ახლახან, ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველობის მსგავსად, იგი ტოკიოშიც უმედლოდ დარჩა. მეტრეველმა პირველსავე წრეში წააგო, გერმანელ ბენჟამინ ბერლასთან.
ნახევარფინალამდე, ანუ სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს. გადამწყვეტი მარცხი (2 ვაზარი) მან ძიუდოს ყოფილ კლუბ “საგარეჯოს” უზბეკი წევრისგან, აბდულო ტანგრიევისგან იწვნია. იქამდე კი ლატვიელი ვლადიმირს ოსნაკსი და რუსი დიმიტრი სტერხოვი იპონებით ჩამოიცილა. +100 კილოგრამში ერთადერთხელ გავიდა ტატამზე იოსებ მსხალაძე. მძიმე წონითი კატეგორიისთვის საკმაოდ ტანმორჩილი და პატარაწონიანი ქართველი პირველსავე წრეში ბრაზილიელ ვალტერ სანტოსთან დამარცხდა.
ოთარ მაღლაკელიძე







