კალათბურთი

20:57 | 9.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვის დამსახურებული მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ევრო-2013-ზე გასვლას ულოცავს

კაუნასის „ჟალგირისის“ ყოფილმა კალათბურთელმა, ლიტვის დამსახურებულმა მწვრთნელმა, რიმვიდას სამულენასმა საქართველოს ეროვნული ნაკრების 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მთელ საქართველოს მიულოცა. სამულენასი თავადვე დაუკავშირდა ამ სტრიქონების ავტორს და სთხოვა, ქართული მასმედიის საშუალებით გაევრცელებინა მისი მილოცვა.
„ჯერ კიდევ, როცა „ჟალგირისის“ და ლიტვის ჭაბუკთა და ახალგაზრდული  ნაკრების კალათბურთელი ვიყავი, 1980-იან წლებში ბევრჯერ გახლდით საქართველოში და ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში არა მარტო ქართველი ხალხის  სტუმართმოყვარეობა, არამედ ქართველი კალათბურთელების ტექნიკური და იმპროვიზებული თამაში.
გასული წლის ნოემბრიდან ამა წლის მარტის ჩათვლით, ქართული საკალათბურთო კლუბის „სოხუმის“ მოწვევით, ვმუშაობდი საქართველოში აღნიშნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. მახსოვს, ის სითბო და გულითადი მიღება, რომელიც  ამ გუნდმა და მთლიანად საქართველოს კალათბურთის სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმა ჩემს მიმართ გამოიჩინეს. ასევე კარგად მახსოვს  საკალათბურთო ბუმი, რომელიც თქვენს ქვეყანაშია.
მე და მრავალი ლიტველი ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოს ნაკრების თამაშებს და გულწრფელად გავიხარეთ, როცა თქვენი ნაკრები ევრო-2013-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. გულითადად ვულოცავ მთელ საქართველოს, ნაკრებს კი სლოვენიაში წარმატებას  ვუსურვებ“, - თქვა სამულენასმა.  
რიმვიდას სამულენასი 48 წლისაა. თამაშობდა კაუნასის „ჟალგირისის“ ჭაბუკთა და ახალგაზრდულ გუნდებში, შარუნას მარჩულიონისთან, რამუნას ბუტაუტასთან და მოგვიანებით კი, არვიდას საბონისთან ერთად.
1982 წელს, სამულენასი „ჟალგირის-2“-ის შემადგენლობაში სსრკ-ს ჩემპიონი გახდა დუბლების გუნდებს შორის. 1983-85 წწ თამაშობდა „სკა“ რიგა, გახდა სსრკ-ს ჩემპიონი შეიარაღებული ძალების გუნდებს შორის. შემდეგ თამაშობდა კაუნასის კლუბებში - „ბანგა“ და „როკაი“, 1990-96 წწ - პოლონეთში, ჯერ „ვიბრჟეჟე“ გდანსკი, შემდეგ „სტალ“ ველიკოპოლსკი. 1998-99 წწ იცავდა „გელუპის“ ღირსებას და გახდა ლიტვის ჩემპიონი. 1999 წლიდან სამულენასი მუშაობს მწვრთნელად, 2003 წლიდან იყო ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2004-08 წწ – კაუნასის „ჟალგირის-საბონისის სკოლა“ იუნიორთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, 2007 წლის მაისში ეს გუნდი გახდა ევროლიგის ჩემპიონი იუნიორთა შორის:ათენში, ფინალში დაამარცხა კლუბი „ფმპ“ (სერბეთი). იმავე წელს, რიმვიდასს მიანიჭეს ლიტვის დამსახურებული მწვრთნელის წოდება. 2008-10 წწ იყო ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (U 20) 2008 წელს ლიტვის ნაკრებმა დაიკავა მე-2 ადგილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. 2011 წლის აგვისტოში - ლიტვის სტუდენტური ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი მსოფლიო უნივერსიადაზე ჩინეთში, სადაც ლიტვამ მე-3 ადგილი დაიკავა. 2011 წლის ნოემბრიდან ა.წ. მარტის ბოლომდე იყო ს.კ. „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი.
ერთი თვის წინათ, სამულენასი პალანგის „ნაგლის-ადაკრისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა - ეს გუნდი ლიტვის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

 

თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად www.worldsport.ge
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098407