ფეხბურთი

13:49 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიას უკრაინაში არ ათამაშებენ

 

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, ტალინის “ფლორამ”, რომლის ღირსებასაც ზაქარია ბეგლარიშვილი იცავს, სტუმრად “კალიუსთან” 0:1 წააგო.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ტალინელებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ფლორას” 54 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით “ლევადიას” ჩამორჩება.

ბელარუსის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში, მოგილიოვის “დნეპრმა” გასვლაზე ბატე-სთან 0:3 წააგო. მცველმა ნიკა მნათობიშვილმა მოგილიოველებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “დნეპრი” 12 ქულით 12 გუნდში ბოლო ადგილზეა.

“გომელმა”, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში მცველი ზაზა ჭელიძე დაემატა, სახლში “მინსკს” 1:0 აჯობა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. “გომელი” 31 ქულით მეხუთეა.

“სლუცკმა” შინ “ნაფტანს” 1:0 სძლია. ფორვარდმა უჩა გოგოლაძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “სლუცკი” მე-9 პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ” გასვლაზე ოდესის “ჩერნომორეცთან” 0:0 ითამაშა. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არც ამჯერად მოუწია. მიმდინარე სეზონში 26 წლის ლიპარტიას უკრაინის ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშია. არადა, განვლილ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. “ზორია” 4 ქულით 14 გუნდში მეშვიდეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-2 ტურში, გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა ზაქათალის “სიმურგმა” თავის მოედანზე აზალ-ს 1:0 მოუგო. ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ დამარცხებულებში 90 წუთი ითამაშა. “სიმურგი” 3 ქულით 10 გუნდში მეოთხეა. აზალ-ი ერთი ქულით მეცხრეა.

ნახჩევანის “არაზმა” სტუმრად “გაბალასთან” 0:1 წააგო. ფორვარდმა დავით ჯანელიძემ ნახჩევანელებში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “არაზი” 3 ქულით მესამეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში “ულისე” კაფანში ადგილობრივ “განძასასრს” დაუზავდა – 0:0. ნახევარმცველი გიორგი ხუბუა სტუმართა სასტარტოში იმყოფებოდა, ხოლო თავდამსხმელი ზამირ ჯანაშია თადარიგში იჯდა. “ულისე” 4 ქულით 8 გუნდში მესამეა.

ერევნის “მიკამ” გასვლაზე გიუმრის “შირაქთან” 0:1 წააგო. ოთარ ჩაფიძე ერევნელთა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. “მიკა”ერთი ქულით მეშვიდეა.

მოლდოვის დივიზია ნაციონალის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, “საქსანმა” “ზარია” მიიღო და 1:0 აჯობა. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა გამარჯვებილებში სრულად ითამაშა. “საქსანი” 8 ქულით 11 გუნდში მეოთხეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” შინ “ტიუმენს” ვერ მოუგო – 1:1. კახა ალადაშვილმა და გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკელებში შეუცვლელად ითამაშეს. 48-ე წუთზე გოგუამ ყვითელი ბარათი მიიღო. რუსეთის მოქალაქე ლაშა იმედაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. გუჯა რუხაია 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ტიუმენის” შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ გოგბერაშვილი 63-ე წუთზე გამოჩნდა. “სკა-ენერგიას” 6 ქულა აქვს და 18 გუნდში მეოთხეა.

“ტოსნომ” ძერჟინსკში ადგილობრივ “ხიმიკთან” ქულა აიღო – 2:2. მეკარე ნუკრი რევიშვილმა, მარცხენა მცველმა გიორგი ნაავლოვსკიმ და ნახევარმცველმა მიხაილ გორელიშვილმა სტუმრებში სრულად იასპარეზეს. გიორგი ჯიქიამ “ხიმიკში” ორი ტაიმი ითამაშა. “ტოსნო” 14 ქულით მესამეა, ხოლო “ხიმიკი” – მე-16.

“სახალინმა” ასტრახანში “ვოლგართან” 1:2 წააგო. გარემარბმა გიორგი კახელიშვილმა სახალინელებში 90 წუთი იასპარეზა. მცველი ლევან ჯღარკავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ზურაბ არზიანს არ უთამაშია. “სახალინი” 6 ქულით მეთხუთმეტეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა” შინაურ კედლებში ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” 5:0 სძლია. მერაბ ურიდია ნიჟნინოვგოროდელთა შემადგენლობაში თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. “ვოლგა” 7 ქულით მეცამეტეა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109793