ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა მიმდინარე სეზონში პირველი მედალი მოიპოვა. პრაღაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 90 ოქროს კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა 6 შეხვედრა ჩაატარა, ყველა მოიგო და ჩემპიონი გახდა. ფინალის გზაზე, ლიპარტელიანმა ბელარუსი ანდრეი კიპსევიჩი, ავსტრიელი კრისტოფ კრონბერგერი და ფრანგი რომან ვოლსკა ძალიან იოლად ჩამოიცილა, ხოლო რუს მურატ გასიევთან, გერმანელ რობერტ დუმკესთან და ლიტველ კაროლის ბაუზასთან (ფინალში) ვადამდელ წმინდა გამარჯვებას, შედარებით ფრთხილი, თუმც ტაქტიკურად გამართული ჭიდაობა ამჯობინა. ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე 3-ჯერ გააფრთხილებინა მსაჯს, ერთხელაც იუკოზე დასცა და პრაღის დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
დღესვე, მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კიდევ 8 კანდიდატი ჩაერთო, მაგრამ კვარცხლბეკს ვერც ერთმა უწია. სამეულს ყველაზე მეტად ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) მიუახლოვდა. მან საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ლევან წიკლაური (81 კგ) მე-7 ადგილზე გავიდა.
მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ ტურნირს დავით კარბელაშვილი (81 კგ), საბა გავაშელიშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ).
პრაღის მსოფლიოს თასის პარალელურად, ანალოგიური ტურნირი ვარშავაშიც ტარდება, ოღონდ ქალებს შორის. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ პოლონეთში 3 შეგირდი ჩაიყვანა, მაგრამ სალომე წოწკოლაური (70 კგ), ნინო ოძელაშვილი (78 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







