ძიუდო

20:16 | 18.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანმა დიდი პრიზი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი აბუ დაბის დიდი პრიზის ჩემპიონი გახდა და მსოფლიოს რეიტინგში 200 ქულა შეიმატა. სამდღიანი არაბული ტურნირის დასკვნით დღეს კვარცხლბეკზე კიდევ ერთი ქართველი ავიდა – მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა ნახევარფინალში იჭიდავა და მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანმა საჩემპიონო გზაზე ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ტურნირში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და მაროკოელ მოჰამედ ელ ასრის იპონით სძლია. იპონითვე გაუსწორდა იაპონელ რიოჰეი ანაის. უკრაინელ რომან გონტიუკს იუკო აკმარა, ხოლო სამხრეთკორეელ დაე-ნამ სონგს ისევ წმინდა გდებით მოუმთავრა საქმე და გადამწყვეტ ბრძოლაში ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, შვედ მარკუს ნიმანს ევროპირველობის ფინალში ნაწვნევი მარცხისთვის ვაზარით აუღო რევანში.
ხანჯალიაშვილმა სონგ-მინ კიმთან დაპირისპირებამდე სამი მეტოქე ჩამოიცილა. ფრანგ მეთიუ თორელის წმინდად მოუგო, ლიტველ მარიუს ვაზარ-იუკოთი, ხოლო უზბეკ აბდულო ტანგრიევს – იუკოთი.
დღესვე, არაბულ ტატამზე მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილიც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში წააგო მომავალ ფინალისტთან, ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიჟთან. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ქართულ გუნდს მონაწილე არ ჰყავდა.
მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მომპოვებელმა საქართველოს ნაკრებმა 56 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა. ასეთივე შედეგი აჩვენა ყაზახეთმაც. შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) გახდა.

ძიუდო
დიდი პრიზი
აბუ დაბი
18 ოქტომბერი

კაცები

90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)
3 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა)

100 კგ
1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
2 რამადან დარვიში (ეგვიპტე)
3 ბენჟამენ ბერლა (გერმანია)
3 ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი)

+100 კგ
1 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ლუუკ ვერბიჟი (ჰოლანდია)
3 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)

ქალები

78 კგ
1 აბიგელ იო (უნგრეთი)
2 მარიინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
3 გიონგ-მი იონგი (სამხრეთ კორეა)
3 რუიკა სატო (იაპონია)

+78 კგ
1 ელენა ივანიშენკო (რუსეთი)
2 კატი მატე (საფრანგეთი)
3 ირინა კინძერსკა (უკრაინა)
3 ანე-სოფი მონდიე (საფრანგეთი)

გუნდური ჩათვლა. კაცები
                                      ო    ვ    ბ    V    VII
1 სამხრეთ კორეა        2    1    1    1    0
2 იაპონია                     2    1    0    0    0
3 ჰოლანდია                1    2    0    0    0
4 საქართველო         1    0    2    0    0
4 ყაზახეთი                 1    0    2    0    0
6 მონღოლეთი           0    1    2    2    0
7 ეგვიპტე                    0    1    1    0    0
8 შვედეთი                  0    1    0    0    0
9 გერმანია                   0    0    2    1    0
10 აზერბაიჯანი         0    0    1    2    0


ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089649