საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა ის შემადგენლობა დაასახელა, 30-31 ოქტომბერს, ანთალიაში გასამართ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე რომ იახლებს. ქართული გუნდი თურქეთში პარასკევს, გამთენიას, 7 სპორტსმენით გაემგზავრება. შეგახსენებთ, გუნდურ პირველობაში 5 წონითი კატეგორიაა – 66, 73, 81, 90 და მძიმე.
ქართველების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ერთხანს საეჭვო იყო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრები ანთალიურ განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან მიწვეულ ნაკრებთა სია ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატების შედეგებით შეადგინეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ალექსიძის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს თავად ესაუბრა და საქართველოს ნაკრების შეჯიბრში ჩართვის თაობაზე თანხმობაც მიიღო, თუმც ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ძველი სია ჯერაც არ შეუცვლიათ. ცნობილია, რომ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობისთვის 8 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს. წინასწარ განაცხადში იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, რუსეთი, მონღოლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და ეგვიპტე იყვნენ. თუ ორგანიზატორებმა რაოდენობა უცვლელი დატოვეს, მაშინ ქართული გუნდი რომელიმე ნაკრებს ჩაანაცვლებს, თუმც შესაძლოა, რაოდენობა ერთით გაიზარდოს.
“ჯერ ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან მოგვიწევს შეხვედრა. ამას თურქეთში ჩასულები გავარკვევთ. შემადგენლობას რაც შეეხება, ორ წონაში ორ-ორი სპორტსმენის წაყვანა გადავწყვიტეთ, სამ წონაში კი მხოლოდ თითო ძიუდოისტი გვეყოლება. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ნაკრების ორი წევრი – ამირან პაპინაშვილი (66 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) გამოგვაკლდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სოსო ლიპარტელიანმა.
აქვე ქართული გუნდის შემადგენლობაც: 66 კგ – დავით ასუმბანი, 73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ხვიჩა ხუციშვილი, 90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კგ – ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი.
ოთარ მაღლაკელიძე







