ძიუდო

18:43 | 6.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი პარიზულ ხუთეულში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) პარიზის დიდ სლემზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულეს და მე-5 ადგილი და 60-60 სარეიტინგო ქულა იკმარეს.
ლიპარტელიანმა კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ბრაზილიელ ტიაგო კამილოსთან, ბოლო წუთზე, ვაზარით დაკარგა. იქამდე ჰოლანდიელ რობი ვან ლაარჰოვენს ორი იუკოთი გასცდა, ხოლო მერვედფინალში, პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზი პირველსავე წუთზე მსაჯებმა მოუხსნეს, ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის.
ოქრუაშვილი მედლამდე, კუბელმა ოსკარ ბრისონმა არ მიუშვა. ქართველი მძიმეწონოსანი თავისსავე წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და წმინდად დამარცხდა. ამ ორთაბრძოლამდე, ოქრუაშვილმა ორი მეტოქე ჩამოიცილა. ბულგარელი ივან ილიევი საფინალო სირენამდე ოციოდ წამით ადრე დასცა ბეჭებზე, მაშინ, როდესაც ორი გაფრთხილებით აგებდა. იპონითვე, სამ წუთში მოუმთავრა საქმე გაცილებით ძლიერ და რაც მთავარია, ტიტულოვან მეტოქეს – ესტონელ მარტინ პადარს.
დღესვე, მედლები 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც თამაშდება, მაგრამ ქართველები სამეულისთვის ბრძოლას საწყისი ეტაპებიდანვე ჩამოსცილდნენ. 81 კილოგრამში კიმონო ლევან წიკლაურმა და ლაშა ზურაბიანმა მოირგეს. წიკლაური ტურნირში პირდაპირ მესამე წრიდან ჩაერთო. ფინელი ანტი ვირტას სამ წუთში დაიპონებით მერვედფინალში გავიდა, მაგრამ იქ არგენტინელ ემანუელ ლუცენტისთან ვეღარას გახდა. სამხრეთ ამერიკელმა თითო იუკოს, ვაზარისა და იპონის შესრულება სამწუთნახევარში მოასწრო. ზურაბიანმა კიმონო ერთადერთხელ მოირგო, ისიც ორიოდ წუთით - უზბეკ მუმინ ნაბიევთან წმინდად დამარცხდა.
ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ფრანგი მაელ ლე ნორმანი მესამე წუთის მიწურულს გააკრა ტატამს, მერვედფინალში კი - იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან მე-14 წამზე წააგო.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიდი სლემი ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091236