გრძელდება ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის, რომელსაც თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” მასპინძლობს.
შეიძლება ითქვას, რომ მე-3 ტურის შეხვედრები მასპინძელთათვის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უიღბლოდ მიმდინარეობს. ლიდერთა შორის მყოფი ქართველი მოჭადრაკეებიდან, რომლებსაც 2-2 ქულა აქვთ, შეხვედრები უკვე დათმეს ნაზი პაიკიძემ და შოტლანდიაში მცხოვრებმა ქეთევან არახამია-გრანტმა, რომლებიც შესაბამისად, ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) და ნატალია კოზინცევას (რუსეთი) ეთამაშებოდნენ. მართალია, ვერ მოიგო სოფო გურამიშვილმა, რომელიც ასევე ლიდერთა შორისაა, მაგრამ მისი ყაიმი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის უკრაინის ნაკრების წევრს, ანა უშენინას ხვდებოდა.
ასევე ყაიმით დამთავრდა საქართველოს ნაკრების წევრის, ლელა ჯავახიშვილისა და უკრაინის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშის, კატერინა ლაჰნოს შეხვედრა.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნინო ხურციძე-ელინა დანიელიანის (სომხეთი) და ბელა ხოტენაშვილი-მარინა რომანკოს (რუსეთი) ორთაბრძოლები.
სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია ინგა ჭარხალაშვილის ყაიმი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფ, სლოვენიის სახელით მოასპარეზე უკრაინელ დიდოსტატს ანა მუზიჩუკს ხვდებოდა. ასევე ყაიმით დასრულდა საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკის, ნანა ძაგნიძისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, მაია ლომინეიშვილის პარტია.
მე-3 ტურის რამდენიმე პარტია ჯერ არ დასრულებულა.
როლანდ ლაბუჩიძე







