აკი ბაშოს მე-9 დღეს მორიგი გამარჯვებები მიითვალეს იოკოძუნა ჰაკუჰომ, ოძეკი ჰარუმაფჯიმ და მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰომ. ამდენად, ეს სამეული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირს დაუმარცხებლად ლიდერობს.
ქართველ სეკიტორთაგან წარმატებული დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც მე-6 მაეგაშირა მასუნოიამა იორიკირით დაამარცხა და 6 მარცხის ფონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტოკიოს ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და თუკი უკუსვლა არ სურს, დარჩენილი 6 შერკინებიდან მინიმუმ ხუთში უნდა იმარჯვოს. ისიც ვთქვათ, რომ ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტოიონოშიმა იქნება.
კიდევ უფრო რთული მისიის წინაშე დგას კომუსუბის ტიტულის მქონე ლევან გორგაძე, რომელმაც მე-7 წაგება პირველ მაეგაშირა კაისეისთან (ბრაზილია) განიცადა და ახლა, დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) დარჩენილ ექვსივე ორთაბრძოლაში გამარჯვება მართებს. აკი ბაშოს მე-10 დღეს გორგაძეს სეკივაკე მიოგირიუსთან ჭიდილი ელის.







