მარია შარაპოვამ საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით მსოფლიოს რეიტინგსიაში პირველი პოზიცია დიდხნიანი შესვენების შემდეგ დაიბრუნა და მიმდინარე უიმბლდონზე ქალთა ერთეულთა თანრიგში ჩემპიონობის მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად სამართლიანად ითვლებოდა, თუმცა, რუსი ლამაზმანის სვლა მერვედფინალში გერმანელმა საბინ ლისიცკიმ (15) შეაჩერა. შარაპოვა დიდი ალბათობით პლანეტის კლასიფიკაციის მოწინავე ადგილსაც დაკარგავს. საამისოდ ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ (2) დღეს მოგვიანებით სერბ ანა ივანოვიჩს (14) უნდა სძლიოს. პირველ საფეხურამდე აღზევების შანს პოლონელ აგნეშკა რადვანსკასაც (3) აქვს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რადვანსკა წლევანდელ უიმბლდონს მოიგებს, აზარენკა კი ფინალამდე ვერ გააღწევს (რადვანსკამ დღეს ანა ტატიშვილის დამმარცხებელ იტალიელ კამილა ჯორჯის 6:2, 6:3 სძლია).
შარაპოვამ ლისიცკის მიჯრით 2 სეტი დაუთმო 4:6, 3:6. გერმანელის სამეოთხედფინალო მოწინააღმდეგე მისისვე თანამემამულე ანჟელიკ კერბერი (8) გახდა, რომელმაც მერვედფინალში იოლად დაძლია ტიტულოვანი ბელგიელის კიმ კლეისტერსის წინააღმდეგობა 6:1, 6:1. შარაპოვასთან ნამატჩევს კი ლისიცკიმ განაცხადა, ბოლო მომენტამდე ურთულესი ბრძოლა იყო, თავდაუზოგავად ვიბრძოდი და ჩემი საყვარელი ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით დიდად გავიხარეო.
ტიტულის დაცვას განაგრძობს უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი პეტრა კვიტოვა (4). დასავლეთსლავმა მეოთხე წრეში იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს რთული ორთაბრძოლა მოუგო 4:6, 7:5, 6:1 და მეოთხედფინალში სადიდსლემო ტურნირების 13-გზის ტრიუმფატორს სერენა უილიამსს შეხვდება. თავის მხრივ უმცროს უილიამსსაც არ ჰქონია “იოლი გასეირნება” ყაზახეთის სახელით მოთამაშე იაროსლავა შვედოვასთან. გეხსომებათ, ეს უკანასკნელი “როლან გაროსის” მეოთხედფინალში გავიდა და ნახევარფინალის საგზური კვიტოვასთან წაგებით დათმო. სერენამ პირველი სეტი ძალდაუტანებლად მოიგო (6:1), მაგრამ მეორეში შვედოვას უპირატესობა აშკარა გახლდათ (ყახახმა 6:2 იმარჯვა). გადამწყვეტ მესამე პარტიაში დაძაბული პაექრობა გაიმართა, საბოლოოდ კი ამერიკელმა 7:5 მოიგო და უიმბლდონის მეოთხედფინალშია. შეხვედრა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა, რომლის მსვლელობისას სერენამ 13 ეისი განახორციელა.
მამაკაცთა ტურნირს რაც შეეხება, სადიდსლემო შეჯიბრებების სარეკორდო რაოდენობით მომგებმა როჯერ ფედერერმა (3) მეოთხე წრეში ბელგიელ კსავიე მალისს ოთხსეტიანი მატჩი მოუგო 7:6 (7:1), 6:1, 4:6, 6:3 და მეოთხედფინალში რუს მიხაილ იუჟნის (26) დაუპირისპირდება. იუჟნიმ დრამატული შეხვედრაში სძლია უზბეკეთის სახელით მოთამაშე დენის ისტომინს 6:3, 5:7, 6:4, 6:7, 7:5.
მალისის დამარცხებით როჯერ ფედერერმა კარიერის განმავლობაში 850-ე გამარჯვება იზეიმა. შვეიცარიელს 192 მარცხი აქვს განცდილი, მოგებათა რაოდენობით კი რეკორდსმენი ამერიკელი ჯიმი კონორსია (1241).