სლოვენიურ მარიბორში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელშიც 8-დან 18 წლამდე მოზარდები ექვს ასაკობრივ კატეგორიაში თამაშობენ. მონაწილეთა შორის 18 ქართველი მოჭადრაკეცაა.
2 ტურის თავზე, ქულათა მაქსიმუმით, ლიდერებში 7 ქართველიცაა: დიანა ლომაია (8-წლამდელთა ტურნირი), ლილე ქორიძე (12), ნინო ხომერიკი (2049, 14), გიორგი სიბაშვილი (2200, 14), ნოე თუთისანი (1978, 14), ანა შამათავა (2072, 16) და ირაკლი ბერაძე (2327, 16).
ქართველთაგან საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი განთესვა მხოლოდ მერი არაბიძეს (2391) გააჩნია, რომელიც 18-წლამდელთა შეჯიბრის უმთავრეს ფავორიტად ითვლება. ჯერჯერობით, მას 1.5 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-15 ადგილზეა.
მსოფლიოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 18 ნოემბერს დასრულდება, დასვენების დღედ კი 13 ნოემბერია გამოცხადებული.







