სხვა

18:17 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიცენზია ძალიან ახლოს იყო...

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებს (ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე) ოლიმპიური საგზურის მოპოვებამდე სულ მცირედი დააკლდა. ამერიკულ ოგდენში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე მიზნის მისაღწევად მოწინავე სამეულში შესვლა იყო, საჭირო ქართველმა მშვილდოსნებმა კი მე-4 ადგილი დაიკავეს.
საკვალიფიკაციო სროლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მე-12 განთესვა ჰქონდა, თუმცა, ამას ორი ძლიერი მეტოქის დამარცხებაში, ხელი არ შეუშლია. ქართველებმა მერვედფინალში გერმანია (მე-5 განთესვა) 216:204 გაანადგურეს, მეოთხედფინალში კი მე-4 ნომრად მიჩნეულ საფრანგეთთან დიდი ბრძოლა გადახდათ.
24 გასროლის შემდეგ, ანგარიში საყაიმო (210:210) გახლდათ, დამატებით სესიაში კი ქართველებმა 29:28 იმარჯვეს და ნახევარფინალში გააღწიეს, რითაც ოლიმპიურ ლიცენზიას ძალიან მიუახლოვდნენ.
სამწუხაროდ, ნახევარფინალში ქართველები უმთავრეს ფავორიტ მექსიკასთან 207:212 წააგეს, თუმცა, წინ გახლდათ მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელში გამარჯვებაც მიზნის მისაღწევად ასევე საკმარისი იყო.
ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ყოჩაღად დაიწყო და საწყისი 6 გასროლის შემდეგ, იაპონელებს 3 ქულით გაუსწრო (55:52), თუმცა, დარჩენილი რაუნდები წარუმატებლად ჩაატარა და 200:212 დამარცხდა.
ოლიმპიური კვალიფიკაციის გარდა, ოგდენშივე მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპიც შედგა, თუმცა, ეს შეჯიბრი მთავარი ბატალიების წინ ჩატარდა და ქართველ მშვილდოსნებსაც დიდად თავი არ დაუტვირთავთ. პირველივე რაუნდში ქართველებმა იმავე მექსიკასთან უშანსოდ – 202:223 წააგეს.

ამგვარად, ქართველ მშვილდოსანთაგან ლონდონში მხოლოდ ქრისტინე ესებუა გაეგმზავრება, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია ინდივიდუალურ ასპარეზზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობით დაიბევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088848