ინტერვიუები

10:12 | 16.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ვიცი, რომ მწვრთნელი არასოდეს გავხდები"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რეკორდული რაოდენობის მატჩების (92) ჩამტარებელი ლევან კობიაშვილისთვის, მეორედან პირველ ბუნდესლიგაში გადასვლა უცხო ხილი ნამდვილად არაა. ორჯერ, გერმანიის ელიტარული დივიზიონის საგზური მან “ფრაიბურგთან” ერთად მოიპოვა, ამჯერად კი, მესამე მცდელობა აქვს “ჰერტას” შემადგენლობაში. გასულ სეზონში, ბერლინელების პირველი ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს გუნდის დატოვება შეეძლო და სხვა კლუბებიდან შეთავაზებაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, “ჰერტასთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ფაქტზე და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე, კობიაშვილს ბერლინური გამოცემა morgensport-ის რედაქტორი უვე ბრემერი ესაუბრა.
- თითქმის ერთი წელია “ჰერტაში” ხართ – როგორ თვლით, ამ კლუბში გადასვლა, სწორი არჩევანი იყო?
- გასულ ზამთარს, როდესაც “ჰერტაში” გადასვლა გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. ნათელი იყო, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდებოდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.  
- ზაფხულში კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი გქონდათ, მაგრამ “ჰერტასთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორ-მეთ...
- შეთავაზება რუსეთისა და ბუნდესლიგის კლუბებიდან მქონდა. თუმცა, კლუბის მენეჯერი მიხაელ პრეეტცი დაჟინებით მთხოვდა, რომ დავრჩენილიყავი და გუნდს ბუნდესლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი.
- რა განწყობა გაქვთ, როდესაც ბუნდესლიგის ცხრილს უყურებთ და “შალკე” სადაც 6 წელი გაატარეთ, ადრინდელივით ჩემპიონობისთვის კი არ იბრძვის, არამედ, აუტსაიდერებში იმყოფება...
- “შალკეში” კარგი პერიოდი გავატარე და გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით, ცოტა გაკვირვებული ვარ. კლუბის გულშემატკივრები მეცოდება. თუმცა, “შალკე” უკვე წარსულია და აღარ მაღელვებს.  
- 33 წლის ხართ და როგორ ახერხებთ დღემდე სათამაშო ფორმის შენარჩუნებას?
- კარიერის განმავლობაში 500-ზე მეტი მატჩი ჩავატარე. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები - როგორ მოვახერხე ამის გაკეთება? რადგან ადვილი არაა ყოველდღე ინტენსიურად ვარჯიში. ჩემს ასაკში მოედანზე შესრულებულ სამუშაოს თუ გაითვალისწინებთ,  ყოველივე იმის მაჩვენებელია, რომ საქმეს პროფესიონალურად ვუდგები – ვარჯიშის მერე აღდგენა, დასვენება, კარგი კვება. ვცდილობ, თავისული დრო ყოველთვის ოჯახურ გარემოში გავატარო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბევრი ძილი. რაც მთავარია, ტრავმებისგან უნდა იყო დაცული. ჩემს ასაკში ტრავმას თუ იღებ და 5-6 თვე ვერ თამაშობ, შემდეგ მწყობრში დაბრუნება ძალიან ძნელია.
- “ჰერტაში” რამდენიმე ნიჭიერი და ამბიციური ახალგაზრდაა – ჯურიჩინი, შულცი, პერდედაი, ნეიმანი, ლასოგა. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ვფიქრობ, კლუბში ნიჭიერი ახალგაზრდების ყოფნა ნორმალური მოვლენაა. მარკუს ბაბელი მათ თავის გამოჩენის შანსს აძლევს, რაც სწორია. ისინი ძალიან ამბიციურები არიან და ვთვლი, რომ ნიჭიერებიც.  
-”ჰერტაში” 5 თვის განმავლობაში ფრიდჰელმ ფუნკელთან იმუშავეთ, უკვე ამდენივე დრო გაატარეთ მარკუს ბაბელის ხელმძღვანელობით. მათ შორის რა პარალელს გაავლებთ?
- მწვრთნელების შედარება ჩემი საქმე არაა. ბევრ სპეციალისტთან მიმუშავია და თითოეული მათგანი თავისებური იყო. მარკუს ბაბელს ძალიან მძიმე ვარჯიშები აქვს, რომლებიც ფელიქს მაგათის ვარჯიშებისგან დიდად არ განსხვავდება. ფუნკელის შემთხვევაში ასე არ იყო, რადგან ის მეტ დროს ტაქტიკას უთმობდა.    
- მარკუს ბაბელმა თავიდანვე განაცხადა, რომ გუნდი ბუნდესლიგაში დაუყონებლივ უნდა დაბრუნებულიყო...
- ჩვენი მწვრთნელი მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი იყო და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მან თავიდანვე თქვა – ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, კარგია, რომ კლუბმა მსგავსი მიზანი დაისახა. მწვრთნელის მხრიდან, ეს სწორი ნაბიჯია.   
- “ფრაიბურგის” შემადგენლობაში, მეორედან პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება ორჯერ მოგიწიათ - 1997-1998 და 2002-2003 წლების სეზონებში. იმ პერიოდებთან შედარებით, პირველი ბუნდესლიგა დიდადაა შეცვლილი?
- ვერ გეტყვით, რომ ბევრი რამ შეიცვალა. პირველ ბუნდესლიგაში თამაში, უფრო რთულია.
- რატომ?
- მეორე ბუნდესლიგაში მოედანზე ბევრი ბრძოლაა, ბევრს დარბიან და ფიზიკურ მომზადებაზე მეტი აქცენტი კეთდება. პირველ ბუნდელიგაში უფრო მაღალი სათამაშო კლასია და გაცილებით ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ.  
- ხომ არ გიკვირთ, რომ მეორე ბუნდესლიგაში მოასპარზე “ჰერტას” საშინაო თამაშებს, საშუალოდ 40 000 გულშემატკივარი ესწრება?
- ცოტა გაკვირვებული ნამდვილად ვარ. თუმცა, თამაშის გაუარესების შემთხვევაში,  რამდენი გულშემატკივარი მოვა? ისე ხომ არ იქნება, როდესაც “შალკეს” შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონში “ბენფიკას” წინააღმდეგ მატჩის ჩატარება, თითქმის ცარიელ სტადიონზე მოგვიწია? გულშემატკივართა სიმრავლე განგვაწყობს, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯოთ. თუ გამარჯვებებს გავაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ქომაგი გვეყოლება.
- გუნდის მიერ არჩეულ ტაქტიკაზე - 4-1-4-1-ის თაობაზე რა აზრის ხართ?
- სათამაშო სქემის არჩევა მწვრთნელის გადასაწყვეტია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ ტაქტიკით, როგორც სახლში, ასევე, სტუმრად უკეთ ვთამაშობთ. საერთოდ, არჩეული ტაქტიკის მიუხედავად, თითოელმა ფეხბურთელმა თავისი ვალდებულება ბოლომდე უნდა შეასრულოს. თუ ერთი, ან ორი მოთამაშე ამას ვერ აკეთებს, მაშინ, პრობლემები იქმნება.  
- კარიერის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი მეუღლე და შვილები გერმანიის მოქალაქეები არიან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილებმა განათლება გერმანიაში მიიღონ. ამ ქვეყანაში ძალიან ბედნიერი ვარ. კარიერის დამთავრების შემდეგ, ფეხბურთში რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ კონკრეტულად რას, ჯერ უცნობია. ერთადერთი ის ვიცი, რომ მწვრთნელი არასოდეს გავხდები.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140251