ინტერვიუები

10:08 | 29.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი: “მუნდიალის ფინალი მოგვიანებით, ნაწყვეტებით ვნახე”

france football-მა ესპანური “ბარსელონას” არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლეო მესისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი “ოქროს ბურთის” წლევანდელ ნომინანტებსაც ეხებათ. შარშანდელი გამარჯვებული ფავორიტს ვერ ასახელებს, მაგრამ მოხარული იქნება, თუ “ოქროს ბურთი” ბარსელონაში დარჩება...
- როგორია 2010 წელი თქვენთვის?
- “ბარსელონასთვის” კარგი გამოდგა, ჩვენ ხომ ესპანეთის ჩემპიონები გავხდით. თუმცა, წარუმატებლობამ გვერდი არ აგვიარა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ინტერთან” გავვარდით. ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა წლეულს, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატი იყო და ჩვენთვის ისეთი ბრწყინვალე ვერ გამოდგა, როგორსაც ველოდი. არგენტინას უფრო შორს წასვლა ჰქონდა დაგეგმილი, გერმანიის დამარცხების იმედი გვქონდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა...
- წლის საუკეთესო ფეხბურთელი ინიესტაა?
- მან ფინალში გაიტანა. ინიესტა ესპანეთის ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელი იყო და მუნდიალი ბრწყინვალედ ჩაატარა.
- არ გშურთ მისი?
- არა. პირიქით, ძალიან მიხარია მისი წარმატება. გარდა იმისა, რომ დიდი ფეხბურთელია, ინიესტა ბრწყინვალე ადამიანიცაა. ესპანელებმა მშვენივრად ითამაშეს, პლანეტის საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. ისინი მუნდიალზე ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ და ფსიქოლოგიური წნეხის თავიდან მოცილებაც შეძლეს.
- მუნდიალის ფინალს უყურეთ?
- სიმართლე გითხრათ, ნაწყვეტებით. ისიც მომდევნო დღეებში. აბა, ასეთი მოვლენისთვის საერთოდ რომ არ მეყურებინა და “დავმალულიყავი”, სირცხვილი იქნებოდა... არავითარი სურვილი არ მქონდა ფინალის ნახვის, რადგან არგენტინის წაგება მძიმედ გადავიტანე.
- “ბარსამ” არცთუ ბრწყინვალედ დაიწყო მიმდინარე პრიმერადივიზიონი.
- ბევრმა ვითამაშეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და წინასასეზონოდ გვიან შევუერთდით გუნდს. მსოფლიოს ჩემპიონებმა კი, ფაქტობრივად, მოუმზადებლად დაიწყეს სეზონი. ასე ვითამაშეთ რამდენიმე მატჩი, მათ შორის, სუპერთასის შეხვედრა “სევილიასთან”. მიუხედავად ამისა, ძალიან არ განვიცდი - არცთუ ცუდად გამოვიყურებით და მალე უფრო მოვუმატებთ.
- ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”?
- ძნელი სათქმელია. შანსი ბევრს აქვს, მაგალითად, ხავიმ და ინიესტამ მუნდიალი მოიგეს, რაც დიდ როლს ითამაშებს. მე ძალიან მინდა, რომ “ოქროს ბურთი” ერთ-ერთმა ბარსელონელმა მოიგოს. ბედნიერი ვიქნებოდი, ზედიზედ მეორედ მომეგო, ეს ფანტასტიკური იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხმების მიცემისას გადამწყვეტი ფაქტორი ის იქნება, ვინ როგორ ითამაშა მუნდიალზე.

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16285