ბრიტანეთში არავისთვის არის ახალი ამბავი, რომ უმშვენიერესი ინგლისელი ფოტო-მოდელი – ლუსი პინდერი ბოლო წლებში ნამეტანი დაჩაჩანაკებული საფეხბურთო კლუბის - ”საუთჰემპტონის” თავგადაკლული ქომაგია და თუკი რამე შეუძლია, არაფერი დაუნანია საყვარელი კლუბისათვის. ცოტა ხნის წინ, ლუსი ინგლისში საუკეთესო მკერდის მქონე ქალბატონად დაასახელეს და სპეციალურ პრიზთან ერთად, 7 ათასი გირვანქა სტერლინგიც უფეშქაშეს. პინდერის ქალი კი ადგა და ეს თანხა ”წმინდანების” სალაროში გადარიცხა და თან დააყოლა: ”თუკი მომავალში რაიმე ფულადი პრიზი მომცეს, იმასაც ჩემს საყვარელ, მაგრამ ვაგლახად დაცემულ კლუბს ვაჩუქებო“.
შეგახსენებთ, რომ ლუსი პინდერი უბრალო ვინმე ნამდვილად არ არის და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია მთელს ბრიტანეთში. ფოტომოდელობის გარდა, ლუსი ბიზნესსაც ეწევა და ქალის თეთრეულის საკმაოდ წარმატებული ხაზი აქვს, რომელსაც მისი სახელი ეწოდება.
ამას გარდა, ბრიტანელი მოდელი ეხმარება ინვალიდ ბავშვებს და მკერდით არის გადაფარებული შიდსით დაავადებულ ადამიანებზე. ერთადერთი რაშიც ლუსის არ უმართლებს, ეს მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბია, რომელიც წლიდან-წლამდე ჩაჩანაკდება. როგორც იცით, ამჟამად, ”საუთჰემპტონი” ინგლისის ”I დივიზიონში” ჯახირობს. მართალია, ლიდერია, მაგრამ პრემიერლიგამდე აღზევებისათვის ჯერ მეორე, ანუ ”ჩემპიონლიგა” აქვს გასავლელი.









