ფეხბურთი

23:31 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლადოს მე-12

ოქრიაშვილმა კიეველებთან პენალტი ვერ გაიტანა

ლადო დვალიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა პოლონეთში. ექსტრაკლასას 26-ე ტურში ვარშავის "ლეგიამ" გასვლაზე 3:0 სძლია "იაგელონიას", ხოლო ქართველმა ფორვარდმა 65-ე წუთზე პენალტით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლადო მანამდეც იდგა პენალტის ნიშნულთან, თუმცა პირველი ცდიდან ვერ შეაგდო.

დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი მე-12 გოლი იყო ექსტრაკლასაში და ახლა ბომბარდირთა დავაში სამხელისუფლებიანობაა. 12-12 გოლი აქვთ ლადოს, მის თანაგუნდელ ლიუბოიასა და "პოდბესკიძიეს" ფორვარდ დემიანს.

"ლეგია" კვლავ 2-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, წინ კი 4 ტური დარჩა.

უნგრეთის ჩემპიონატში გივი იოსელიანის "კეშკემეტიმ" შინ 3:1 აჯობა "შიოფოკს". 22 წლის ქართველი ნახევარმცველი 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში უკვე 3:1 იყო. მალევე, "კეშკემეტის" კაცი გაუძევეს. იოსელიანის გუნდი მეექვსე პოზიციაზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი აქვს.

უკრაინაში "ილიჩივეცმა" სტუმრად 0:1 წააგო კიევის "დინამოსთან". მარიუპოლელთაგან ყველაზე აქტიური იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და გოლის გატანის იდეალური შანსიც ჰქონდა: 50-ე წუთზე პენალტი დაარტყა და მეკარე კოვალმა აუღო.

ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დავით თარგამაძე კი 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ილიჩივეცის" ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია განაცხადში არ გახლდათ. მარიუპოლელები მეშვიდე საფეხურზე არიან.   

უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო დანიის "ორჰუსმა", რომელმაც შინ 2:1 სძლია "სონდერისკეს" და სუპერლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, გაინაღდა. "ორჰუსი" 12 გუნდს შორის მეშვიდეზეა. დავით სხირტლაძე განაცხადში არ გახლდათ - მცირე ტრავმა აქვს. დავით დევდარიანი კი 66-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში უკვე 2:1 იყო. მათე ვაწაძეს კი, გეცოდინებათ, ტრავმა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091128