ფეხბურთი

13:28 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: "მგონი, დაცვაში ჩაჯდომა გონებაში ჩაგვებეჭდა"

კარგი სეზონი ჰქონდა ლადო დვალიშვილს - პოლონეთის ჩემპიონი გახდა, თასი მოიპოვა და ექსტრაკლასას ბომბარდირობამდეც ცოტა დააკლდა. როგორც იცით, პოლონეთის ჩემპიონატი სხვა ქვეყნებთან შედარებით ოდნავ გვიან დასრულდა და ამიტომაც, ლადომ ორი სანაკრებო მატჩიდან მხოლოდ ერთში ითამაშა: გაუცდა ირლანდიასთან შეხვედრა, ხოლო დანიასთან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შესვენებაზე შეცვალეს.

დვალიშვილი თბილისშია და "მსოფლიო სპორტს" ესაუბრა:

- მიიჩნევთ, რომ კარიერაში საუკეთესო საკლუბო სეზონი გქონდათ?

- ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. ყველაფერი კარგად დასრულდა ერთის გარდა: ბომბარდირობა მსურდა და ვფიქრობ, მოვახერხებდი კიდეც, რომ არა ფილტვების ანთება და სიცხეები. ბოლო ტურებში ჯანმრთელად ვერ ვიყავი.

- როგორც ვიცით, "ლეგიაში" უკანდაწეულ თავდამსხმელად თამაშობდით.

- ასეა. თამაშების 90 პროცენტი ამ პოზიციაზე ჩავატარე.

- "ლეგიას" რეალურად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა?

- მიზანი სწორედ ესაა. სამი ეტაპია გასავლელი, მაგრამ გრანდი არ გვხვდება. ჰაიფას "მაკაბიმ", სადაც ვთამაშობდი, ეს მოახერხა. ძალიან მინდა, იგივე "ლეგიამაც" გააკეთოს. ვსაუბრობ თანაბარი დონის გუნდებზე. ასე რომ, შანსი გვაქვს.

- პოლონეთისა და ისრაელის ჩემპიონატებს როგორ შეადარებდით?

- განსხვავებული თამაშის სტილია. დონე დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ისრაელში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, პოლონეთში კი - ძალისმიერს. ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული: ზოგს ტექნიკური მოსწონს, ზოგს ძალისმიერი. დონე კი დაახლოებით თანაბარია.

- პოლონეთში თითქმის ყველა მატჩზე სავსეა ტრიბუნები. რა იწვევს ასეთ ბუმს?

- გულშემატკივრობა მართლაც მშვენიერია. თანაც, ხმაურიანები არიან და ერთგულებიც: ბოლომდე მხარს გიჭერენ.

- სამი პოლონელი ფეხბურთელი "დორტმუნდში" თამაშობს და ამ მრისხანე გუნდისთვის დიდ ძალასაც წარმოადგენენ. არადა, ნაკრები სუსტი ჰყავთ. რას აბრალებენ?

- აქაც ამოუხსნელი სიტუაციაა. დორტმუნდელთა სამეულის გარდა, კიდევ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ნაკრებს შედეგი არ აქვს და ვერ ხსნიან, რატომ. რაც თავი მახსოვს, იგივე კითხვები ისმის საქართველოს ნაკრებზეც, მაგრამ პასუხი არ ჩანს.

- ირლანდიასთან არ გითამაშიათ. დანიასთან მატჩზე რას იტყვით?

- პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მაინც ვერ ვითამაშე, იმდენად ცუდად ვიყავი. სიცხე მქონდა. ასე რომ, დანიასთანაც ვერ ვიყავი ჯანმრთელად. თავდასხმაში ცოტა ფეხბურთელი გვყავდა, თორემ ალბათ არც მომიწევდა თამაში.

- დანიასთანაც, როგორც სხვა მატჩებში, ძალიან მოწყვეტილი იყავით სხვა თანაგუნდელებისგან და წინ მარტო გიწევდათ თამაში...

- დროა, ცოტა შეტევაზე წავიდეთ. ფაქტია, რაღაც გამოსასწორებელია ნაკრების თამაშში და იმედია, თემურ ქეცბაიას გეგმა ექნება. ამდენი უკნიდან, ჩამჯდარი თამაში არ ვიცი... მესმის, როცა გოლს გაიტან და შენარჩუნებაზე თამაშობ. ეს ჩვენ კი არა, დიდ ნაკრებებსაც გაუკეთებიათ, მაგრამ საწყის 20 წუთშივე დაცვაში ჩაჯდომა, არა მგონია, გამართლებული იყოს.

- და რატომ ხდება ასე? მწვრთნელი გავალებთ თუ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ შეტევაში თამაში?

- მგონი, დაცვაში ჩაჯდომა ჩვევაში გადაგვივიდა და გონებაში ჩაგვებეჭდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ფარერებთან რომ გავიდეთ მინდორზე, იქაც დაცვაში ვიქნებით. ვფიქრობ, ეს კომპლექსი თავიდან უნდა ამოვიგდოთ. ჩემი აზრით, გვყავს ისეთი ბიჭები, რომ შეტევაზე ვიფიქროთ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096883