წვიმა ლონდონისა და მისი ერთ-ერთი უბნის უიმბლდონის შემადგენელი ნაწილია. გუშინ დაწყებული უიმბლდონის ტურნირის მატჩები დროულად ჩამთავრდა, დღეს კი საქმეში ავდარი ჩაერია და შეხვედრები შეწყდა. მართალია, ცენტრალური კორტის თავზე დამონტაჟებულია სახურავი, რომელიც წვიმის შემთხვევაში ჩოგბურთელთა სარბიელს ბუნების შხაპისგან იცავს, მაგრამ ამჯერად ტურნირის ორგანიზატორებმა კორტის დაცვისგან თავი შეიკავეს. თუმცა, წვიმამ მალე გადაიღო და ასპარეზობები გაგრძელდა.
გაავდრებამდე თავისი მატჩის დასრულება ქალთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამ (4) მოასწრო. ჩეხმა უზბეკ აკგულ ამანმურადოვას 6:4, 6:4 მოუგო და მეორე წრეში გავიდა. მომდევნო სტადიაზე კვიტოვა ელენა ბალტაჩასა და ვარვარა ლეპჩენკოს შორის მოგებულს შეხვდება.







