სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში, სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა, რომელიც კარენ ასრიანის სახელს ატარებს. მემორიალში, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია, ექვსი ქართველი მოჭადრაკეც ჩაება.
პირველ ტურში, გამარჯვებები კონსტანტინე შანავამ (2539), შოთა აზალაძემ (2423) ნინო ბაციაშვილმა (2399) და სოფიო გვეტაძემ (2330) იზეიმეს, დავით მაღალაშვილი (2469) ყაიმს დასჯერდა, ბაჩანა მორჩიაშვილმა (2394) კი მარცხი განიცადა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს, განთესვის მიხედვით კი, პირველი სამეული ასე გამოიყურება: არმან პაშიკიანი (სომხეთი, 2643), მაქსიმ ტუროვი (რუსეთი, 2634), ევგენი გლეიზეროვი (რუსეთი, 2600).
საპრიზო ფონდიდან გამარჯვებული სამი ათას დოლარს მიიღებს, ხოლო ქალთა შორის საუკეთესოსთვის რვაასი დოლარია გათვალისწინებული.







