ვისაც ამქვეყნად მარადიული სიყვარულისა არ სჯერა, ეს უპირველეს ყოვლისა, იტალიელი ფეხბურთელი - კრისტიან ვიერია. სიტყვა “მექალთანეც” კი, აშკარად ცოტაა ”ბობოს” პორტრეტის დასახატად, რამეთუ ამ კაცს იმდენი საყვარელი ჰყოლია, დათვლაც კი გაუჭირდება ადამიანს.
ბოლო პერიოდში, ვიერი ყველაზე დიდ ხანს, ამერიკელ მოდელ - მელისა სატასთან შემორჩა, თუმცა ვიერი რისი ვიერი იქნებოდა, მხოლოდ ერთი ქალის ტრფობით რომ დაკმაყოფილებულიყო. ამერიკაში ყოფნის დროს, იტალიური გაზეთის მეშვეობით, მელისამ შეიტყო, რომ მის გულისსწორს რომის სასტუმროში აზიელი გოგონა ჰყოლია აყვანილი და დიდი გადი-გამოდიც ჰქონია. როგორც ჩანს, ეს კრისტიანის პირველი განავარდება არ ყოფილა მელისასთან თანაცხოვრების მანძილზე, რაც ემანსიპირებულმა ამერიკელმა ქალმა, რა თქმა უნდა, ვეღარ მოითმინა და “ბობისთან” ურთიერთობას სამუდამოდ დაუსვა წერტილი.
მეტი არაა ჩვენი მტერი, კრისტიან ვიერიმ მორიგი საყვარლის დაკარგვაზე რომეოსამებრ იდარდოს. ვიერი ახლა უკვე ჩიტივით თავისუფალია და პლანეტის ოთხივ კუთხით შეუძლია ლამაზმანების დაზვერვა. ეს საქმე კი, ამ კაცს მართლაც რომ უმაღლეს დონეზე გამოსდის!







