კრიშტიანუ რონალდუს სამი კვირით იძულებით მოუწევს დასვენება. მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების 25 წლის სუპერვარსკვლავმა პრიმერა დივიზიონის სადებიუტო მატჩში, “რეალ მალიოსკასთან” მარცხენა კოჭი დაიშავა და უცილობლად გამოტოვებს რამდენიმე თამაშს როგორც ნაკრები, ასევე კლუბში.
მისი არყოფნა განსაკუთრებით უნდა შეეტყოს პორტუგალიის ნაკრებს, სადაც ბოლო დროს მხოლოდ უარყოფითი ამბები ტრიალებს. ჯერ იყო და, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელი კარლოს კეირუში ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა იმ მოტივით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საწვრთნელ შეკრებაზე ლანძღვით დაუხვდი დოპინკონტროლიორებსო. მერე კი სანაკრებო კარიერა დაასრულა მათმა კიდევ ერთმა ვარსკვლავმა სიმაომ, ვინაც ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 30 წლისამ მიიღო. კოჭშესიებული კრიშტიანუ ნაკრებს მხოლოდ შორიდან ქომაგობით თუ დაეხმარება პარასკევს კვიპროსთან შეხვედრაში, რომელიც სადებიუტოა 2012 წლის ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლში და ცხადია, ვერც ოთხი დღის შემდეგ ნორვეგიასთან ჩადგება მწყობრში.
“რეალში” კი რონალდუ გამოტოვებს პრიმერას მეორე ტურის მატჩს “ოსასუნასთან” და ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრას “აიაქსთან”.









