ესპანელმა ფეხბურთელებმა, 23 წლის ნახევარმცველმა კარლეს კოტომ და 26 წლის ალბერტ იაგუემ თბილისის “დინამოში” პირველად ივარჯიშეს. მართალია, დიდად არ დატვირთულან, მაგრამ მაინც. ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე (მოლდოვურ “მილსამისთან”) მხოლოდ იაგუეს მიეცემა თამაშის საშუალება, რადგან ფორვარდია და გუნდის მწვრთნელ ალექს გარსიას თქმით, “დინამოს” სადღეისოდ უფრო წინა ხაზში უჭირს.
“მსოფლიო სპორტი” ვარჯიშის შემდეგ ორივე ესპანელს რამდენიმე წუთით გაესაუბრა:
იაგუე: - ვიცი, რომ “დინამო” ძალიან ძლიერი გუნდი გუნდი იყო და კარგია, რომ აქ ვაგრძელებ კარიერას. იმედია, წარმატებულად ვითამაშებ და გუნდის წინსვლაში ჩემს წვლილს შევიტან.
- “ესპანიოლ ბ”-ში თამაშობდით და როგორც ვიცით, წინსვლაში ტრავმამაც შეგიშალათ ხელი.
- ასე იყო, თუმცა ეს წარსულია.
- როდესაც “დინამოდან” შემოთავაზებაზე მიიღეთ, რა რეაქცია გქონდათ?
- ინტერნეტის საშუალებით ვნახე ცნობები და “დინამოზე” ვიდეოებს ვუყურე. რა თქმა უნდა, თბილისითაც დავინტერესდი და ბევრი რამ შევიტყვე, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი რამ არ ვიცი. თბილისის დათვალიერების საშუალებაც მომეცემა.
კოტო: - რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან. შემოთავაზება მივიღე და დღეს უკვე “დინამოში” ვარ. “დინამო” ერთ დროს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვიცით, რა ტრადიციის მქონე კლუბში ჩამოვედით.
- პირველი შთაბეჭდილებები გუნდზე?
- კარგი ფეხბურთელები არიან და მონდომებაც არ აკლიათ. მჯერა, წინსვლა გვექნება. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ეგაა, ოდნავ ფეხი მტკივა, თუმცა იმედია, მალე გამივლის.
შეხსენებისთვის, “დინამოს” მესამე და ყველაზე ცნობილი ესპანელი ახალწვეული ხისკო ოთხშაბათს გამთენიისას ჩამოფრინდება თბილისში.
ილია ნანობაშვილი









