ფეხბურთი

23:12 | 25.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დ’ივუარი მოგებით დაგვემშვიდობა

ჩრდილოეთ კორეასა და კოტ დ’ივუარს შორის გამართული შეხვედრა, როგორც წინასწარ იყო ნავარაუდები, მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა. აფრიკელები, იმის იმედით, რომ ბრაზილია პორტუგალიას დაამარცხებდა, აზიელებს პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით ეკვეთნენ, მაგრამ შეიტყვეს რა, რომ დუნგას შეგირდები პარალელურ მატჩში თავს დიდად არ იკლავდნენ, ნელ-ნელა უკლეს სახიფათო იერიშების განხორციელებას.
სვენ გორან ერიქსონის შეგირდებს გატანა უკვე მე-2 წუთზე შეეძლოთ, როდესაც კეიტა გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ წინგამოსულ რი მიონ გუკს ვერ აჯობა. მე-13 წუთზე, ჟერვინიომ ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო, ერთი მეტოქე იოლად ჩამოიცილა, თუმცა მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ გასულმა სუსტად და პირდაპირ რი მიონ გუკის მიმართულებით დაარტყა. ერთ წუთში ანგარიში მაინც გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბოკამ საჯარიმოს ხაზთან მყოფი იაია ტურე შენიშნა, ხოლო “ბარსელონას” ნახევარმცველმა ბურთი კარგად გაიჩერა და ძალზე ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარცხენა ქვედა კუთხეში გაიტანა გოლი. მე-17 წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე რომარიკმა მოულოდნელად დარტყმა გადაწყვიტა და გოლის გატანამდე სულ ცოტა დაააკლდა – კორეელთა კარი ძელმა იხსნა. აფრიკელთა მე-13 ნომერმა თავისი გოლი მაინც გაიტანა. მე-20 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ბოკას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლა დიდიე დროგბამ მოიგო და ძლიერადაც დაარტყა. კოტ დ’ივუარელთა ლიდერის დარტყმული მეტოქის კარის ზედა ძელს მოხვდა და ხაზთან ახლოს დავარდა. სანამ დროგბა გვერდითი მსაჯისგან გოლის დაფიქსირებას ითხოვდა, რომარიკმა დამატებაზე ითამაშა თავით და ცარიელ კარში გაიტანა ბურთი. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ კოტ დ’ივუარელები დანებებას არ აპირებდნენ და 1/8-ფინალში გასასვლელად ბრძოლისთვის იყვნენ მომართულნი. ცნობისთვის, კიმ იონ ჰუნის გუნდის კარში, პირველ ტაიმში, 2 გოლი არც ბრაზილიელებს ჰქონდათ გატანილი და არც პორტუგალიელებს. სამხრეთ ამერიკელებმა აზიელებს შესვენებამდე საერთოდ ვერ გაუტანეს, ევროპელებმა კი მათი კარის ბადე პირველ 45 წუთში მხოლოდ ერთხელ შეარხიეს. იმის გათვალისწინებით, რომ კორეელები მეორე ტაიმს პირველზე უარესად ატარებდნენ, წარმოუდგენლად სულაც არ ჩანდა კოტ დ’ივუარელთა ისევე შთამბეჭდავად მოგება, როგორც ეს პორტუგალიელებმა გააკეთეს. კორეელებს გოლის გატანის შანსი პირველად 24-ე წუთზე მიეცათ, როდესაც ჰონ იონ ჯომ, კარიდან დაახლოებით 20 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმა ოდნავ არაზუსტად შეასრულა. აზიელთა კაპიტანს რომ ბურთი კარში ზუსტად გაეგზავნა ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა, რადგან ბარიმ დარტყმულზე რეაგირებაც კი ვერ მოახდინა. 31-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ებუეს გარღვევისა და ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოს საპირისპირო მხარეს მყოფი კეიტა ერთი შეხებით ცდილობდა კარში ზუსტად დარტყმას, მაგრამ არ გამოუვიდა. 38-ე წუთზე, ებუეს მორიგ კარგ გადაცემას, ჟერვინიოს საჯარიმოში შეჭრა და დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი კორეელთა კარის ძელს კიდევ ერთხელ მოხვდა. 43-ე წუთზე ებუემ თავად სცადა გატანა, დაარტყა რა საჯარიმოს გარედან, მაგრამ როგორც გაირკვა, მას პასი დარტყმაზე უკეთ ეხერხება.
პირველი ტაიმის გათვალისწინებით ივარაუდებოდა, რომ კოტ დ’ივუარი მეტოქის კარს მე-2 ნახევარშიც არანაკლები სიმწვავით შეუტევდა, მაგრამ ბრაზილიელთა უშედეგო თამაშით იმედგაცრუებული აფრიკელი ფეხბურთელები შესვენების შემდეგ ბევრად უფრო ინერტულები ჩანდნენ და კორეელებსაც უფრო ხშირად ეძლეოდათ მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვების საშუალება. 56-ე წუთზე, კოლო ტურეს გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში აღმოჩენილმა დგოგბამ სცადა კორეელთა კარში მე-3 გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 72-ე წუთზე, იაია ტურეს გადაცემის შემდეგ უკვე კალუ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მოედანზე შეცვლაზე შესულ ფეხბურთელსაც მიზანმა უმტყუნა. 81-ე წუთზე უკვე კორეელებმა შეუტიეს სახიფათოდ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა იონ ტაე სემ ბარის ვერ აჯობა. არ იყო გასული ერთი წუთი, როდესაც აზიელებმა საკუთარ კარში მიიღეს ბურთი. მარცხენა ფლანგზე კარგად მოთამაშე ბოკამ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი კალუსგენ გაგზავნა ბურთი და გაატანინა რა ამ უკანასკნელს, ანგარიშზე მე-2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მატჩის დარჩენილ დროში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოტ დ’ივუარმა 4 წლის წინანდელი სამუნდიალო შედეგი ერთი ქულით გააუმჯობესა, თუმცა კვლავ მე-3 ადგილს დასჯერდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დიდიე დროგბა დასახელდა, რომელმაც კარის მიმართულებით 7-ჯერ დაარტყა, აქედან 2-ჯერ ზუსტად. აფრიკელთა მე-11 ნომერმა გააკეთა 32 გადაცემა, რომელთაგან 16 ზუსტი გამოდგა და გაირბინა 9556 მეტრი.

 

25 ივნისი, ნელსპრუიტი, “მბომბელა სთედიუმი” 34763
ჩრდილოეთ კორეა-კოტ დ’ივუარი 0:3 (0:2)
ჩრდილოეთ კორეა (5-4-1):
რი მიონ გუკი, ჩა იონ ჰიუკი, პაკ ჩოლ-ჯინი, რი ჯუნ ილი, ჯი იუნ ნამი, რი კვან ჩონი, ჰონ იონ ჯო, ან იუნ ჰაკი, პაკ ნამ ჩოლი, მუნ ინ გუკი (ჩო კუმ ჩოლი 67), იონ ტაე სე
მწვრთნელი: კიმ იონ ჰუნი
კოტ დ’ივუარი (4-3-3): ბარი, ებუე, კოლო ტურე, ზოკორა, ბოკა, რომარიკი (დუმბია 79), იაია ტურე, ტიოტე, კეიტა (კალუ 64), დროგბა, ჟერვინიო (დინდანე 65)
მწვრთნელი: სვენ გორან ერიქსონი
გოლები: 0:1 იაია ტურე (14), 0:2 რომარიკი (20), 0:3 კალუ (82)
მსაჯი: უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)
დარტყმა 8 (4)-28 (15); ჯარიმა 13-16; კუთხური 0-7; თამაშგარე 2-4; ბურთის ფლობა 40%-60%; სეივი 9-4

მიშა ზაქარეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102805