ბოლივია და კოსტა რიკა კოპა ამერიკის ფავორიტთა შორის ნამდვილად არ არიან, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება მაინც დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან მის შედეგზე გარკვეულწილად დამოკიდებული იყო არგენტინის ეროვნული ნაკრების მომავალი. ვინაიდან, კოსტა რიკამ ბოლივიელთა დამარცხება მოახერხა, მე-2 ადგილის მოსაპოვებლად, არგენტინას ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურნირის მასპინძელი გუნდის მაქსიმუმი მე-3 ადგილი იქნება და მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ბატისტას გუნდი ჯგუფში ჩარჩეს.
ბოლივიასა და კოსტა რიკას შორის გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ჩრდილო ამერიკელები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ლა ვოლპეს შეგირდებმა მიაღწიეს კიდეც წარმატებას. ნომინალურმა სტუმრებმა ანგარიში მე-60 წუთზე გახსნეს, მას შემდეგ, რაც მეტოქის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული არიასმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მოთამაშე მარტინესს ცარიელ კარში ბურთის გატანაში ხელი ვეღარავინ შეუშალა. 71-ე წუთზე, რივერომ ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა და თავად წითელი ბარათით, ხოლო გუნდი პენალტით დაისაჯა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მისული გევარას დარტყმა მეკარემ მოიგერია, რომელმაც კოსტა რიკელთა მე-7 ნომერს დამატებაზე დარტყმულიც აუღი. 77-ე წუთზე, ბოლივიას კაცი უკვე უხეშობის გამო გაუგდეს და გუსტავო კინტეროსის გუნდი ძალზე რთულ სიტუაციაში ჩავარდა. ბოლივიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც მორას გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა კემპბელმა ზუსტად დაარტყა და როგორც შემდგომში გაირკვა, შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ბოლივია-კოსტა რიკა 0:2 (0:0)
სან სალვადორ დე ხუხუი, “23 აგვისტო”
ბოლივია (4-4-2): არიასი, ალვარესი, რალდესი, რივერო, გუტიერესი, ედივალდო (პენა 68), რობლესი (ჩავესი 68), ფლორესი, კამპოსი (გარსია 80), არსე, მარტინსი.
მწვრთნელი: გუსტავო კინტეროსი.
კოსტა რიკა (3-5-2): მორეირა, აკოსტა, დუარტე, კალვო, სალვატიერა, ლეალი, გუზმანი, მორა (კუბერო 83), მადრიგალი (გევარა 46), კემპბელი, მარტინესი (ელისონდო 82).
მწვრთნელი: რიკარდო ლა ვოლპე.
გოლები: 0:1 მარტინესი (60), 0:2 კემპბელი (79).
72-ე წუთზე, გევარამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე).
გაფრთხილებები: ალვარესი 36, მარტინსი 58, რივერო 66, კამპოსი 74, გუტიერესი 88 – გუზმანი 30, დუარტე 47, სალვატიერა 84.
გაძევება: რივერო 71, ფლორესი 77.
მსაჯი: კარლოს ვერა (ეკვადორი).
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11 (2)-13 (10), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 5-2, ჯარიმა: 25-19.
A ჯგუფი
| 1 | კოლუმბია | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 4 |
| 2 | კოსტა რიკა | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 1 | 3 |
| 3 | არგენტინა | 2 | 0 | 2 | 0 | 1 | 1 | 2 |
| 4 | ბოლივია | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 3 | 1 |
9 ივლისი
C ჯგუფი: 02:15 – ურუგვაი-ჩილე; 04:45 - პერუ-მექსიკა.
მიშა ზაქარეიშვილი









