ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა, რომელზეც ხმის მიცემის უფლების მქონე 140 დელეგატიდან 126 გამოცხადდა და ერთხმად, პრეზიდენტად კონსტანტინე ლაშხი აირჩია.
ყრილობაზე დღის წესრიგში შემდეგი საკითხები იდგა - 1. მოხსენება 2012 წლის მუშაობის შესახებ 2. 2012 წლის ღონისძიებების ფინანსური ანგარიში 3. არჩევნები (პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის), 4. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე წარსადგენი დელეგატის შერჩევა.
ფედერაციის პრეზიდენტობისათვის 3 კანდიდატი იბრძოდა – რუსუდან ხოფერია, ნელი სალაძე და კონსტანტინე ლაშხი, თუმცა არჩევნების დაწყებამდე ხოფერიამ და სალაძემ კანდიდატურები ლაშხის სასარგებლოდ მოხსნეს. ამგვარად, არჩევნებში მონაწილეობა 126 დელეგატმა მიიღო და კონსტანტინე ლაშხს მხარი ერთხმად დაუჭირა.
პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დღის წესრიგში ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივლის არჩევის საკითხი დადგა, რამაც დარბაზში გაუგებრობა და კამათი გამოიწვია. დელეგატთა ნაწილმა ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივნის კანდიდატურის არჩევა რიგრიგობით ისურვა, თუმცა უმრავლესობამ სხვაგვარად ჩათვალა და შესაბამისად, ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
ამრიგად, პირველი ვიცე-პრეზიდენტის ადგილს რუსუდან სიხარულიძე დაიკავებს, გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია იქნება, ვიცე-პრეზიდენტებად იმუშავებენ სახეობების მიხედვით; სპორტული ტანვარჯიში – ბესარიონ გამსახურდია, მხატვრული ტანვარჯიში – ნელი სალაძე, აკრობატიკა – ინგა გიორგობიანი, აერობიკა – ლუბა სერგოვანცევა, ბატუტზე ხტომა – ლუბა გოლოვინა.
დელეგატებმა ასევე გაარკვიეს და დაამტკიცეს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც დეკემბერში გასამართი ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ტანვარჯიშის ფედერაციას წარადგენენ.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური









