ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებმა მხიარულად ჩაიარა - არც ამავე ფედერაციის ექსპრეზიდენტის, გიორგი გოდაბრელიძის “ძლივს ნაშოვნი” საარჩევნო ყუთი გახდა საჭირო, ახალმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კი, არჩევნებს, საერთოდაც, კომუნისტური უწოდა: “კომუნისტური არჩევნები გამოდის – ერთი კანდიდატით!”
ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაწერილი განრიგის მიხედვით, 22 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. კანდიდატებს თავიანთი განაცხადები, არჩევნებამდე, მინიმუმ, 15 დღით ადრე უნდა შეეტანათ, წესი არ დარღვეულა. ეს 3 კანდიდატი იყო: ზაზა კალანდაძე, ვახტანგ მეიფარიანი და ზურაბ კაკაბაძე, თუმცა, პირველმა ორმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნა თავისი კანდიდატურა და ზურაბ კაკაბაძე ერთადერთ კანდიდატად დარჩა.
შეხვედრაზე, ხმის უფლების მქონე 22 დელეგატიდან 21 გამოცხადდა და ქვორუმიც შედგა. ყრილობას “საპატიო ხელმძღვანელი” ჯემალ ბარამიძე და ზემოხსენებული გიორგი გოდაბრელიძე უძღვებოდნენ. მათ გარდა, სიტყვით გამოვიდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე თამაზ თევზაძე.
დღის წესრიგი 3 პუნქტისგან შედგებოდა: ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება, ახალი პრეზიდენტის და პრეზიდიუმის არჩევნები და კატეგორია – სხვა.
გიორგი გოდაბრელიძემ მიმართვა მხიარულად დაიწყო და იხუმრა ყუთის თაობაზე, რომელიც წინა დღეს, არჩევნებისთვის, “ძლივს იშოვა”, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საჭირო აღარ გახდა, რადგან მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა და ღია კენჭისყრის ჩატარების საშუალება გაჩნდა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თანამშრომლობდა ფედერაციასთან და მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ხელბურთის განვითარებაში. საუბარი დაიწყო იმით, რომ ადრე დადო პირობა, რომ მოიწვევდა საანგარიშო ყრილობას და სწორედ ახლა აპირებდა ამის გაკეთებას.
გოდაბრელიძის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის ბოლო წელიწადი საკმაოდ პროდუქტიული იყო თუნდაც იმიტომ, რომ პირველად, ქართული ხელბურთის ისტორიაში, გუნდურ სახეობაში ბოლო, ფინალური ეტაპი საქართველოში ჩატარდა.
მანვე აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ხელბურთის ფედერაციისთვის ყოველდღიურად და სწორედ ასეთი მიდგომის დამსახურებაა ის, რომ საფუძვლიანი ნიადაგი აქვთ შემზადებული 2015 წლის ოლიმპიადაზე გოგოთა და ვაჟთა გუნდების გასაშვებად. იქვე დაზუსტდა, რომ დღესდღეობით, უკვე გოგოთა 11 გუნდი არსებობს.
გოდაბრელიძემ ბევრი ისაუბრა ამ სახეობის პოპულარიზაციაზე და ამ მიმართულებით გადაგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან თხოვნით მიმართა ლევან ყიფიანს წარმატებული ბავშვების მატერიალურად წახალისების თაობაზე. როგორც გოდაბრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე შეთანხმება დიდი ხნით ადრე მოხდა, თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა და ამიტომ, ახლა შეახსენა მინისტრს.
რაც შეეხება არჩევნებს, გოდაბრელიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატთა შეხვედრა არჩევნებამდე მოხდა, რათა მოეთათბირებინათ, თუ რა იქნებოდა სასარგებლო ხელბურთის ფედერაციისთვის და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხსნა დანარჩენმა ორმა თავისი კანდიდატურა.
გოდაბრელიძემ პოლიტიკაც ახსენა და თქვა, რომ თვითონ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნებოდა და მეტიც, კენჭს იყრიდა მისი სიებით, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ხელბურთის ფედერაციაში, მისი მხრიდან პოლიტიკურ აგიტაციებს ადგილი არ ჰქონია და მომავალ პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, სპორტი და პოლიტიკა გაემიჯნა ერთმანეთისგან.
სიტყვა ლევან ყიფიანს გადაეცა, რომელმაც უწინარესად, მადლობა გადაუხადა წინა მომხსენებელს, შემდეგ კი, ზოგადად სპორტში თავისი (როგორც მინისტრის) როლის და გეგმების პრეზენტაცია დაიწყო. “მე მაქსიმალისტი ვარ... ჩვენ იდეალურისგან ძალიან შორს ვართ”, - განაცხადა ყიფიანმა, თუმცა აქვე დაამატა, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ მომავალ ხელმძღვანელობას უკეთესი სიტუაცია დაახვედროს, ხოლო “წინამორბედებს ისტორია განსჯის”-ო.
ზემოთაც აღინიშნა - ყიფიანმა ამ არჩევნებს, ნახევრადხუმრობით, კომუნისტური უწოდა, რადგან კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრიდა.
მან ისარგებლა შემთხვევით და იმედო ფხაკაძეს მრგვალი თარიღი მიულოცა (21 ნოემბერს, ვეტერან ხელბურთელს 70 წელი შეუსრულდა) - მას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ყიფიანმა პატივისცემა გამოხატა ყველა დამსახურებული სპორტსმენის მიმართ და განაცხადა, რომ ცოტა ეუხერხულება კიდეც მათთან სპორტის მინისტრის პოზიციიდან საუბარი, რადგან გარშემო ბევრად დამსახურებული ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ასევე ბევრი გაუკეთებიათ და შესწევთ ძალა კიდევ ბევრი გააკეთონ სპორტის განვითარებისთვის. მან სურვილი გამოთქვა, ამ ადამიანებისთვის სიცოცხლეშივე დაეფასებინა მიღწევები და სიტყვა თავის მოადგილეს თამაზ თევზაძეს გადასცა.
თევზაძემაც მიულოცა ფხაკაძეს ეს წოდება და განაცხადა, რომ ამაყია, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ თავად გახლდათ კომისიის თავმჯდომარე და მისი მცირედი წვლილიც არის ამ წოდების მინიჭებაში.
დაიწყო ხმის მიცემა და ოცმა დელეგატმა ახლად შემოსწრებულ ზურაბ კაკაბაძეს დაუჭირა მხარი. მას მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა ზაზა ჯიაძის სახით.
ზურაბ კაკაბაძემ საუბარი მადლობით დაიწყო, შემდეგ კი, ვახტანგ მეიფარიანს განუცხადა, რომ ყოველთვის მზადაა, მასთან სათანამშრომლოდ, რადგან დიდი ხანია ერთად მოდიან და ფედერაციის კარი მისთვის მუდამ ღია იქნება.
ახლადარჩეული პრეზიდენტის მხრიდან პირველივე შეთავაზება, წესდებაში ცვლილების შეტანა იყო შემდეგ საკითხზე: საპატიო პრეზიდენტის სტატუსს, უფრო სერიოზული და ოფიციალური სახე მიეცეს და მისი წარმომადგენლობითობა გაოფიციალურდეს, რამაც ზაზა ჯიაძის წამოძახილები მოჰყვა – აქაოდა, პრეზიდენტი ისედაც წარმომადგენლობითიაო.
ახალ პრეზიდენტს ძველი დაეხმარა და განმარტა, რომ ბატონი ჯემალი დიდი ხანია სარგებლობდა საპატიო ხელმძღვანელის სტატუსით და ძალიან კარგი იქნება, თუ ეს სტატუსი ოფიციალურად ჩაიწერებოდა წესდებაში და ვიცე-პრეზიდენტის სტატუსს გაემიჯნებოდა.
აქვე მოხდა საპატიო პრეზიდენტად ჯემალ ცერცვაძის არჩევა, რომელსაც ზაზა ჯიაძემაც დაუჭირა მხარი.
შემდეგ მოხდა პრეზიდიუმის დაკომპლექტება და აირჩა 11-კაციანი ჯგუფი, აქედან 3 ვიცე-პრეზიდენტი: იმედო ფხაკაძე, ვახტანგ მეიფანიანი და ელიზბარ არსენიშვილი; გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და აღმასკომის 7 წევრი: ლევან სალუქვაძე, რამაზ თევზაძე, ზურაბ კეკელიძე და სხვები.
აქვე, კიდევ ერთი შესწორება შევიდა წესდებაში და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებიც, პრეზიდიუმის სრულუფლებიან წევრებად დასახელდნენ, რაზეც მხოლოდ რამდენიმე დელეგატმა შეიკავა თავი, თუმცა, უმრავლესობა თანახმა იყო.
ეკა ლოლუა







