იმ დროს, როცა “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები უკრაინასა და პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ღირსებას იცავენ, არც მათი კოტდივუარელი თანაგუნდელი კოლო ტურე კარგავს დროს უქმად.
31 წლის მცველი არდადეგებს სახლში, მეგობრებთან ერთად ატარებს, სათევზაოდაც დადის და ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც უყურებს. ამასთან, ფეხბურთელებს დასვენება იშვიათად უწევთ, ამიტომ კოლომ თავის შეყვარებულ შიმენ აკასუზე დაქორწეინება გადაწყვიტა, რომელმაც სპორტსმენს უკვე ორი შვილი აჩუქა.
“ხომ არ დავქორწინებულიყავი?” – გაუელვა თავში აზრმა ტურეს, რის შემდეგაც საიუველირო მაღაზიაში ბეჭდის საყიდლად შეირბინა და შემდეგ მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა. შიმენს ასეთ წინადადებაზე უარის თქმა არ შეეძლო და შედგა ქორწილი, რომელიც კოტ დივუარის დედაქალაქ აბიჯანის ცენტრში მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიხადეს. სტუმართა სიაში თითქმის ყველა მოთამაშე იყო კოტ დივუარის ეროვნული ნაკრებისა, სადაც კოლო ძმასთან, იაიასთან ერთად თამაშობს. დღესასწაულს პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.







