ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი ტოკიოს ”რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ზაფხულის ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა. 31 წლის ქართველმა სეკიტორმა მარცხენა ბარძაყის კუნთი ტაკანოიამასთან გუშინდელ შერკინებაში დაიზიანა და როგორც აღმოჩნდა, ტრავმა არც ისე უმნიშვნელო აღმოჩნდა.
”შავი ზღვა” პროფესიონალურ დოჰიოზე 2001 წლიდან ასპარეზობს, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იგი ტურნირის ტრავმის გამო ვერ ასრულებს. შეგახსენებთ, რომ კოკაი ნაცუ ბაშოს ძურიოს მე-11 ნომრის სტატუსით შეხვდა და კიდევ კარგი, რომ ამ დროისთვის უკვე 6 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, რის გამოც, წესით დაქვეითება არ უნდა შეეხოს.
ამასობაში, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა იაპონელთა უმთავრესმა იმედმა ოძეკი კისენოსატომ. 25 წლის იბარაკელ სუმოიოსტს მონღოლ ოძეკი კაკურიუსთან ჭიდილი ორჯერ მოუხდა. პირველ ჯერზე იაპონელი დოჰიოს მიღმა ზუსტად მაშინ აღმოჩნდა, როდესაც მონღოლი მხრით თიხას შეეხო. მონოიიმ (მსაჯების კონსილიუმი) განმეორებითი შერკინება (ტორი-ნაოსი) დანიშნა, რომელშიც კისენოსატომ უკვე იოლი იორიკირი განახორციელა.
ამგვარად, ნაცუ ბაშოს ლიდერმა 11 ტურში მე-10 გამარჯვება იზეიმა და ”იმპერატორის თასის” მოგების უმთავრეს კანდიდატადაც იქცა, რადგანაც უახლოეს კონკურენტებს – ოძეკებს ბარუტოსა და კოტოშოგიკუს და რიგით მაეგშირებს – ტოჩიოძანს, აოიამას, კიოკუტენჰოს, შოტენროს, ტამავაშისა და ტაკარაფუჯის უკვე 2 მოგებით გაუსწრო.
დადებით ბალანსს ანუ კაჩი-კოშის მიუახლოვდა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი. ლევან გორგაძემ ტაკარაფუჯის მავაში ორივე ხელით მოიგდო და აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა იორიკირით დაჯაბნა. ტოჩინოშინის ბალანსი 6 მოგება და 5 მარცხია და მას წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი ოთხი ბრძოლიდან ორის მოგება მართებს. გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე მე-13 მაეგაშირა კიმიკაძე იქნება, რომელსაც ქართველი გოლიათი კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, სარეიტინგო ვარდნას ვერ გადაურჩება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება. 200-კილოგრამიანმა ქართველმა უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) რუს არანთან გაიფორმა, რომელმაც ჩვენებურს უვატედაშინაგეთი აჯობა. არადა, გასულ აით შერკინებიდან ვლადიკავკაზელ ალან გაბარაევს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. გაგამარუს 3 მოგების წილ უკვე 8 მარცხი გააჩნია, მორიგ ორთაბრძოლაში კი სეკივაკე გოეიდოს გაეჯიბრება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი (1:1) გააჩნია.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=6icUhA_BeFE







