ხვალ “ფრაიბურგი” ბუნდესლიგის მორიგ ტურში ბერლინის “ჰერტას” უმასპინძლებს. თამაშამდე “ჰერტას” ოფიციალურ საიტთან ყოფილმა ფრაიბურგელებმა ლევან კობიაშვილმა და რიჩარდ გოლცმა ვებგვერდის ჟურნალისტთან ისაუბრეს და ძველი დრო გაიხსენეს.
“ფრაიბურგში” გოლცი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იყო დრო, როცა “ფრაიბურგი” ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა. ასევე გვქონდა რთული პერიოდები, როცა ბუნდესლიგიდან გავვარდით და დასაბრუნებლად ვიბრძოდით. გოლცი წაგების თუ გამარჯვების დროს მუდამ ბრწყინავდა, რადგან დიდი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს. ჩვენ კარგი კაპიტანი გვყავდა”, - აღნიშნა ქართველმა.
კობიაშვილის კომენტარის შემდგომ გოლცმაც ისაუბრა.
“კობის სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა (იცინის), თუმცა აქ სხვა ფაქტორებიც არსებობს. “ფრაიბურგი” გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა და ჩვენი პლუსი სწორედ ეს იყო. პირველ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდით, არადა კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით”.
- ფრაიბურგს სხვა გერმანულ მხარეებთან შედარებით განსხვავებული რეპუტაცია ჰქონდა. რატომ? რით გამოირჩეოდა?
- კობიაშვილი: ფრაიბურგი ახალგაზრდული ქალაქია. ქუჩაში გაივლი და ხედავ სტუდენტებს, გერმანელს თუ უცხოელს, შვეიცარიიდან თუ საფრანგეთიდან ჩამოსულებს. ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ ფრაიბურგი. შესაძლოა ამის მიზეზი ამინდია. ფრაიბურგში ყოველთვის მშვენიერი გარემოა.
- გოლცი: ფრაიბურგი არაა დიდი ქალაქი, მაგრამ შეგიძლია კარგად დაისვენო. აქ ბევრ ადამიანს არ ცხოვრობს, მაგრამ სტუდენტობა მრავლადაა.
- დღევანდელ “ფრაიბურგზე” რას იტყვით?
- გოლცი: ბაუმანი და გინტერი დიდი დანაკლისია, თუმცა მათი წასვლით გაჩენილი ნაპრალების აღმოსაფხვრელად დროა საჭირო. ვაკვირდები და “ფრაიბურგი” ყოველ წელს მსგავსი განსაცდელის წინაშე დგება ხოლმე და კვლავ ახალი ფეხბურთელების მოძიება უწევს. ყოფილ ფეხბურთელს ჩანაცვლება სჭირდება.
ბოლოს მოთამაშეებმა პირად ამბებზეც ისაუბრეს.
“მას შემდეგ რაც გუნდელები აღარ ვიყავით ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ურთიერთობა. ყველაზე საინტერესო ამბავი კი ის იყო, როცა მე და კობი თურქეთში შეკრებაზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს შევხვდით”, - აღნიშნა გოლცმა.
დიმა შარიქაძე







