ფეხბურთი

10:17 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"კობი" – ბოლო სეზონზე, გეგმებზე, კარიერის სწორად წარმართვაზე, გერმანელთა პროგრესზე, ბეილის ტრანსფერზე...

 

"ეს ჩემი ბოლო სეზონია და სანამ ბუნდესლიგა დაიწყებოდა, კარგად მესმოდა, რომ ყველა მატჩში ვერ ვითამაშებდი. არანაირი კონფლიქტი, ან გაუგებრობა. დარწმუნებული ვარ, სეზონში არაერთი თამაში მომიწევს" – ეს ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც "მსოფლიო სპორტთან" ვრცელ ინტერვიუში თქვა.

ბუნდესლიგაში 4 ტური გავიდა, ლევან კობიაშვილს კი "ჰერტაში" ერთხელაც არ უთამაშია. შესაბამისად, მცირეა შანსი იმისა, რომ "კობიმ" ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (უცხოელთა შორის) რეკორდი მოხსნას. "ბაიერნის" პერუელ ფორვარდ კლაუდიო პიზაროს 354 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ლევანს – 336.

კობიაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კარიერას გაისად მაისში დაასრულებს, შემდეგ კი... "მინდა, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქართულ ფეხბურთს. მოკლედ, ფეხბურთში დავრჩები, ოღონდ, რა კუთხით, ჯერ არ გადამიწყვეტია".

ლევანს ზოგად პრობლემატურ თემებზე ვესაუბრეთ. ასევე, ბუნდესლიგის კლუბების მკვეთრი პროგრესის მიზეზებზე, იქაურ საფეხბურთო დინებებზე.  

- ანუ, მაისის შემდეგ რა ამპლუაში ვიხილავთ კობიაშვილს, ჯერ არ ვიცით...

- ხშირი საუბარი მაქვს "ჰერტას" ხელმძრვანელობასთან. კონტრაქტის თანახმად, შემდეგ სეზონში კლუბში მუშაობა შემიძლია. ეს იქნება ან მენეჯმენტში, ან სკაუტად, ან ბავშვთა აკადემიაში. ბავშვთა გუნდებში მწვრთნელობა თავად გამოვრიცხე, არადა შემომთავაზეს. შესაძლოა, საქართველოში წამოვიდე ზაფხულში. ჯერ არ გადამიწყვეტია.

- თქვენ ადრეც გვითხარით ინტერვიუში, რომ ქართულ ფეხბურთში საქმიანობას კარიერის დასრულებისთანავე დაიწყებდით. კონკრეტულად?

- დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ უფრო საქართველოში წამოვალ, ვიდრე გერმანიაში დავრჩები. მინდა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქართულ ფეხბურთს. ეს ჰაერზე არ მითქვამს. გერმანიაში რომ ვუყურებ პროფესიონალურ მიდგომას, ძალიან მინდა, რომ იგივე საქართველოში იყოს და ამაში მეც მივიღო მონაწილეობა. კონკრეტულად რით დავიწყებ, ეს ჯერ არ გადამიწყვეტია.

- ყაზახეთთან ეროვნული ნაკრების თამაშს ნახავდით. შედეგზე არაფერია სალაპარაკო, მაგრამ თამაშის მხრივ თუ დაინახეთ რაიმე სიახლე?

- თამაშისთვის არ მიყურებია, რადგან იმ დროს ვარჯიში გვქონდა. გადმოცემით ვიცი, რომ ბურთს უფრო ჩვენ ვფლობდით, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ვქმნიდით. საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩები მნიშვნელოვანია თუნდაც იმ მხრივ, რომ შესაძლოა, ჯგუფში ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავოს. სპორტული თვალსაზრისით, მესამეზე გასვლა კარგია, მაგრამ ვშიშობ, ისე არ მოხდეს, რომ მერე სალაპარაკო გახდეს – არიქა, მესამეზე გავედითო. ანუ, თვითკმაყოფილება ცუდი იქნება.

- გასაგებია. რამდენიმე წლის წინ, როცა "შალკეში" თამაშობდით, რუსეთის კლუბებიდან გქონდათ შემოთავაზება. მოსკოვის "დინამო" მშვენიერ პირობებს გთავაზობდათ, მაგრამ უარი თქვით და გერმანიაში დარჩით. რატომ?..

- გასაგებია კითხვის მიმართულება. სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქართველები რუსეთის წამყვან კლუბებში წავიდნენ, მაგრამ რომ იკარგებიან, ეს სხვა თემაა. პირადად მე არასოდეს გადამიდგამს ნაბიჯი ფინანსური კუთხით. ყოველთვის ვწონიდი, ამა თუ იმ კლუბში წასვლა სამომავლოდ რას მომიტანდა. "ალანიიდან" მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგში" წავედი. "ალანიაში" დიდი ფული იყო, მაგრამ მაინც. დღეს ბევრი ამბობს, ფეხბურთელის კარიერა მოკლეა და ფინანსურად უზრუნველყოფა უნდა მოასწროსო. მოკლეა? არცთუ მოკლეა. ვიცი, ფეხბურთელის უკან მათი მშობლები, ნათესავები და ახლობლები დგანან. ამიტომაც, ვფიქრობ დიდწილად ამას აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ უდგას მოთამაშეს გვერდში, რამდენად კომპეტენტური ადამიანი ურჩევს. ფეხბურთელმა უნდა განსაზღვროს, თუ სად მიეცემა განვითარების საშუალება. საქართველოს ჩემპიონატი სუსტია და ამიტომაც გარბიან რუსეთ-უკრაინაშიო. ადრეც სუსტი იყო ჩვენი ჩემპიონატი... შედარებით სუსტ ლიგებში ერთ-ორ მატჩში გაბრწყინება არ კმარა გრანდ ჩემპიონატში მოსახვედრად. რაღაცით გამორჩეული უნდა იყო. ან ბომბარდირი ხდებოდე, ან საუკეთესო ფეხბურთელებში გადიოდე, ან სიმბოლურ ნაკრებში ხშირად ხვდებოდე. ან, ევროტურნირებზე უნდა ითამაშო გამორჩეულად, რომ გაგიცნონ. 30 თამაშიდან ერთ-ორს რომ ჩაატარებ ძლიერად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი ლიგებიდან რიგი დადგება. ყველაზე უკეთ ეს ჩანს ეროვნული ნაკრებიდან - გადავხედოთ, რის ხარჯზე მოვხვდით მე, ჩემი თაობის  და ოდნავ წინა თაობის ფეხბურთელები წამყვან ლიგებში. უფრო ნაკრებიდან. ან ევროტურნირებიდან. გნებავთ, კახა კალაძის მაგალითი ავიღოთ.

- საწყენია, რომ ამდენი წელია, დასავლეთევროპული ქვეყნის ჩემპიონატში ქართველი არ გადასულა.

- ძალიან მინდა, ვინმე ჩამოვიყვანო თუნდაც "ჰერტაში". აი, როგორც ლევან ყენია ჩამოვიყვანეთ "შალკეში", მაგრამ ასე აღარ კეთდება – გერმანიაში მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი ფეხბურთელი აღზარდონ. შეცვალეს მიდგომა. 

- ეს შესამჩნევია. ადრე, გერმანელებს ამდენი სუპერახალგაზრდა არ ჰყავდათ – უფრო გვიან ხდებოდნენ ვარსკვლავები. ახლა კი გიოტცეს, როისისა და შიურლეს დასახელებაც კმარა...

- დიახ. უდიდესი სამუშაო ჩაატარეს. გეხსომებათ, 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დასაწისში კრიზისი იყო გერმანულ ფეხბურთში. ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ (2000 წელს, როცა ერიხ რიბეკი წვრთნიდა ნაკრებს) და რეალურად, ახალი ფეხბურთელები არ მოდიოდნენ. მახსოვს, 30 წელს გადაცილებულ თომას ჰესლერზე ამყარებდნენ იმედებს და მეჰმეთ შოლზე ამბობდნენ, ერთადერთი ტექნიკური გერმანელიაო.

- როგორ გამოასწორეს სიტუაცია? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ქართულ რეალობასთან გავავლოთ პარარელი.

- მათიას ზამერის დიდი დამსახურებაა. ბავშვთა ფეხბურთის კორდინატორი გახდა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს საქმე. იმდენი ნიუანსია, ერთი დღე არ მეყოფა მოსაყოლად. მაგალითად, გამკაცრდა ლიცენზირება აბსოლუტურად ყველა ბუნდესკლუბისთვის. "ჰერტას" თუ ბავშვთა აკადემიაში ყველა კრიტერიუმი არ ექნება შესრულებული, ძირითად გუნდს ლიცენზირებას ჩამოართმევენ და ბუნდესლიგაში არ ათამაშებენ. მკაცრად მოწმდება და ერთი მცირე დეტალიც რომ აკლდეს, არ აპატიებენ.

- ამას ფეხბურთის ფედერაცია მოითხოვს?

- დიახ. ფედერაციას აქვს გაწერილი.

- ბუნდესლიგა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება, წინა სეზონში კი გერმანულმა კლუბებმა აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწიეს – ორივე ფინალისტი გერმანული იყო.

- ფინანსურად ძლიერნი არიან, თუმცა მარტო ფულშიც არაა საქმე. აი, მაგალითად, "რეალმა" 91 მილიონი ევრო გადაიხადა გარეთ ბეილში. ძალიან ძლიერია ბეილი, მაგრამ ღირს ამდენი? ჩემი აზრით, არა. გერმანელები ამხელა ფულს ერთ მოთამაშეში არ გადაიხდიან. სწორად ხარჯავენ. და კიდევ, აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. სიგიჟემდე უყვართ. ბუნდესლიგაში რომ თამაშობ, სასწაულად საამაყოა. უდიდესი პატივია, ყველა მხრიდან დაფასებას გრძნობ.

- როგორ ფიქრობთ, ბუნდესლიგაში "დორტმუნდი" "ბაიერნს" ბოლომდე გაუწევს კონკურენციას?

- რატომაც არა. შესაძლოა, ისევ "ბაიერნი" გახდეს ჩემპიონი, მაგრამ არა მგონია, ეს იოლად მოახერხოს. აგერ, ჩავიდნენ ფრაიბურგში და ვერ მოიგეს. "დორტმუნდი" საკმაოდ ძლიერია და სესაძლოა, სხვებმაც გაუწიონ კონკურენცია. მაგალითად, "ლევერკუზენმა".

- ბოლოს ისევ "ჰერტაში" თქვენს უთამაშებლობაზე. მწვრთნელს ესაუბრეთ ამის თაობაზე?

- ეს ჩემი ბოლო სეზონია და სანამ ბუნდესლიგა დაიწყებოდა, კარგად მესმოდა, რომ ყველა მატჩში ვერ ვითამაშებდი. არანაირი კონფლიქტი, ან გაუგებრობა მწვრთნელთან. ხშირად ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ. დარწმუნებული ვარ, სეზონში არაერთი თამაში მომიწევს. საპანიკოს ვერაფერს ვხედავ. შინაგანად ვგრძნობ, რომ სარგებლობის მოტანა კიდევ შემიძლია. ჯერჯერობით, გუნდი კარგად მიდის. საერთოდ, წლეულს კარგი გუნდი გვყავს და ისე არაა, რომ ვინმემ ტრავმა მიიღოს და მწვრთნელს შეცვლა გაუჭირდეს. გაწონასწორებული შემადგენლობა გვყავს.  

ბაიერნი   1 - 0    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   4 - 1    ნიურნბერგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   2 - 1    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰანოვერი   3 - 2    ფრაიბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   3 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    ბრაუნშვაიგი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   3 - 2    ჰამბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

აუგსბურგი   2 - 1    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   0 - 4    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.239701