ინტერვიუები

10:38 | 9.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო მარკიზიო: “იმედია, “ინტერთან” მატჩს ლიპიმაც უყურა”...

ბოლო პერიოდია, კლაუდიო მარკიზიო ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივართა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა, სერია A-ს გასულ ტურში მილანის “ინტერის” კარში გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ კი, მისდამი ინტერესი გაორმაგდა. ცხადია, მარკიზიოსთან ინტერვიუც იტალიურ პრესაშიც მრავლად გამოჩნდა.

- ასეთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა როგორ მოახერხეთ?
- ინსტინქტი დამეხმარა, თანაც იღბალიც ჩემს მხარეს გახლდათ. ბურთისთვის მაშინვე არ დამირტყამს, რადგანაც სამუელი ვარდნას ახორციელებდა. დრიბლინგი განვახორციელე და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ტექნიკური დარტყმა ვამჯობინე. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა.
- გოლი ვინმეს მიუძღვენით?
- ტრიბუნებისკენ გავიქეცი და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადე. ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ისინი მთელი კვირა გვერდით გვედგნენ და გამარჯვება დაიმსახურეს.
- თანაგუნდელებმა განსაკუთრებულად მოგილოცეს?
- როდესაც გოლი შევაგდე, აღარაფერი მესმოდა, თუმცა, შემდეგ ალექს დელ პიეროს სიტყვები მაინც გამახსენდა. იგი ყვიროდა, მაგარი გოლი გაიტანეო. დამშვიდებულ გულზე კიდევ ერთხელ ვიგრძენი, თუ რა დიდი საქმე გავაკეთე.
- “ფიატის” პრეზიდენტმა ჯონ ელკანმა თქვენს გოლს ფენომენალური უწოდა...
- ეს ნამდვილად საამაყო კომპლიმენტია. ელკანთან შეხვედრის საშუალება ორჯერ მომეცა. ერთხელ პინცოლოში გამართულ შეკრებაზე და მეორედ, როდესაც იტალიის ნაკრები ტურინში იყო სათამაშოდ ჩამოსული. ჯონის სიტყვები მეტ თავდაჯერებულობას შემძენს.
- 1994 წლის 4 დეკემბერს, როდესაც ალესანდრო დელ პიერომ “ფიორენტინას” კარში ცნობილი გოლი გაიტანა, თქვენ ტრიბუნაზე იმყოფებოდით. ახლა კი, გადამწყვეტი ბურთი თავად შეაგდეთ...
- ზოგჯერ ოცნებაც რეალობა ხდება და ამით, ძალიან გახარებული ვარ. აღნიშნულში უდიდესი წვლილი “იუვენტუსის” ბავშვთა სკოლას მიუძღვის, სადაც მწვრთნელებმა გამარჯვებულის ხასიათი ჩამომიყალიბეს. 7 წლის ასაკში შავ-თეთრი მაისურის რაობა უკვე კარგად მქონდა გათვითცნობიერებული, რაც მომავალში ძირითად გუნდში დამკვიდრებაში დამეხმარა.
- “იუვეს” რიგითი წევრობიდან იტალიის ნაკრების მოთამაშის სტატუსს უწიეთ. შეიძლება ითქვას, რომ 2009 წელი თქვენთვის გამორჩეული გახლდათ.
- გარდამტეხი მომენტი “ფიორენტინასთან” მატჩი გახლდათ, რის შემდეგაც სრულად გავიხსენი. მამაჩემი სტეფანო ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სახელოვან ნახევარმცველებს გოლების გატანაც ეხერხებოდათ. ეს მუდამ მახსოვდა და გოლებმა დიდი ბედნიერება მომიტანა.
- გასული სამი წლის განმავლობაში, ალბათ, რთული მომენტებიც ბევრი გახლდათ...
- დიახ. სერია B-ში გატარებული სეზონის შემდეგ, იმედი მქონა, რომ კლუბი კონტრაქტს გამიფორმებდა, თუმცა, “ემპოლიში” აღმოვჩნდი განათხოვრებული. იქ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, მაგრამ საჭირო გამოცდილება მივიღე. სახლიდან შორს და თანაც, სხვა გუნდში პირველად ვთამაშობდი. აღნიშნული პროფესიულ ზრდაში ძალიან დამეხმარა. კარგ ფორმაში ვიყავი, როდესაც მენისკზე ოპერაციის გაკეთება მომიხდა. დაბრუნება რთული გამოდგა: “კალიარისთან” და “ინტერთან” მატჩებში ფეხებში საოცარ სიმძიმეს ვგრძნობდი, რაც მოგვიანებით მომეხსნა.
- რთულ მომენტებში გვერდით ოჯახი გედგათ.
- მამა ჩემთვის მთავარი დასაყრდენია. მის კრიტიკას ყოველთვის ყურადღებით ვისმენ, რასაც სარგებელი მოაქვს. ცხადია, მეუღლისა და შვილის სიყვარულსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლში დაბრუნებისას მათი სითბო დამატებით ენერგიას მძენს ხოლმე.
- თქვენ სვირინგი გაქვთ ასეთი შინაარსით: “შეუძლებელი არაფერია”. ეს თქვენი ცხოვრების კრედოა?
- დიახ. ყოველთვის ვცდილობ, ცხოვრებაში მაქსიმუმს მივაღწიო.
- ახლა, თქვენი სტივენ ჯერარდთან შედარებაც შეიძლება...
- ჯერ არა. მას ჩემზე გაცილებით მეტი გააქვს.
- ის თამაში, რაც “ინტერთან” მატჩში აჩვენეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების საშუალებას მოგცემთ?
- იმედი მაქვს, მარჩელო ლიპიმ ამ მატჩს უყურა.
- მილანელთა დამარცხების შემდეგ, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ გუნდები ერთი დონისანი არიან?
- ასეა და სამწუხაროა, რომ სეზონის დასაწყისში უაზროდ დაკარგული ქულების გამო, მეტოქეს საგრძნობლად ჩამოვრჩით. ასეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. 

მოამზადა დათო მანჯავიძემ  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156979