საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა არსებობის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაამთხვია და გულშემატკივართა ფანტასტიური მხარდაჭერის ფონზე, ბელგიის ეროვნული გუნდი, რომელმაც შესარჩევ ციკლში ორი მარცხი გვაგემა, 22 ქულის სხვაობით – 81:59 გააანადგურა.
ქომაგი ვახსენეთ და დარბაზში არსებულ ემოციურ სიტუაციაზეც დასაწყისშივე მოგახსენებთ. 6-ათასიან “კლაიპედა არენაზე” ეროვნული ატრიბუტიკით შეიარაღებული ორი ათასამდე ქართველი შეიკრიბა და აქტიური მხარდაჭერა პირველიდან ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია. გულშემატკივრებს შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, ყველაზე სასიხარულო კი, ლიტველი ფანების ემოციები გახლდათ, რომლებსაც ქართველების გასამხნევებლად დიდი ბანერი ჰქონდათ გამოფენილი. და კონტრასტისთვის: ტრიბუნაზე ნაადრევად შეფენილ რუსებს ეროვნული ნაკრების ფორმა კი ემოსათ, თუმცა, ერთი მათგანი ბელგიის დროშას აფრიალებდა...
ტრიბუნებზე ხომ მეჩხერად განთავსებულ ბელგიელთა ქომაგებს აშკარად ვაჯობეთ და მოედანზეც არანაკლები უპირატესობა გვქონდა. იგორ კოკოშკოვის მიერ დარიგებული გუნდი პარკეტზე ძალიან მობილიზებული გავიდა და მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე აგრძნობინა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა. ქართველებმა ტრავმირებული აქსელ ერველეს გარეშე დარჩენილ ბენილუქსელებს ყველაფერში აჯობეს და უკვე პირველი მეოთხედის ბოლოსკენ წინ 9 ქულით გაიჭრნენ – 20:11. პერიოდის უკანასკნელი შეტევა შთამბეჭდავი გამოდგა. ცინცაძის ტრადიციულ “ალეიუპს” სანიკიძის “აფრენა” და ზემოდან გდება მოჰყვა. “ვიკა” მეტოქის ფარს მოგვიანებითაც “არ შეეშვა” და საბოლოოდ, ორმაგი დუბლიც გაიფორმა – 13 ქულა, 11 მოხსნა.
მცირე შესვენების შემდეგ განახლებულ თამაშში არაფერი შეცვლილა. საქართველო დომინირებდა, ბელგიელთა თავკაცი ედი კასტილსი კი გამოსავალს ამაოდ ეძებდა. მეტოქის განთქმული უკანა ხაზი დაცვაში დამაჯერებლად მოთამაშე ქართველთა “მარწუხებს” თავს ვერაფრით აღწევდა, ამდენად, პერიმეტრზე მეტოქის წარმოსახვითი უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა. ცხადია, ბელგიელებს რაიმე კარგი არც ფარქვეშ ელოდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაჩულიასა და შერმადინის მეურვეობის გადამკიდე, ილუნგა მბენგა ლამის სამქულიანის ხაზთან “ადიოდა” და იქიდან უტევდა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ საბოლოოდ, საქართველომ ბელგიაზე ჩვიდმეტით მეტი მოხსნა (38:21) დააგროვა.
ბარემ აქვე რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელსაც “მოვიყვანთ”, რაც თამაში მიმდინარეობის უკეთესად ჩაწვდომის საშუალებას მოგცემთ. ბელგიელებმა პირველი საჯარიმო ტყორცნა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე (!) განახორციელეს, სულ კი 7 საჯარიმო ისროლეს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 25-დან 15 სროლა გამოიყენა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა (15:17), რაც არცთუ ხშირად ხდება ხოლმე, ორქულიან ტყორცნებში კი 68%-იანი მაჩვენებელი (30 44-დან) ჰქონდა, რამაც თამაშის ბედის გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა. სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულების მიხედვით, ქართველებმა მეტოქეს 50:26 აჯობეს, ე.წ. “მეორე შეტევისას” ანგარიში 21:8 გახლდათ, სწრაფი გარღვევებით კი კოკოშკოვის შეგირდებმა 8 ქულით მეტი (10:2) დააგროვეს...
საქართველო დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით (37:24) გავიდა, თუმცა, ტემპი არც შემდეგში დაუგდია. საბოლოოდ, “ჯვაროსნებმა” მოწინააღმდეგეს ყველა მეოთხედში აჯობეს, ბოლოსკენ კი საინტერესო მხოლოდ ის გახლდათ, საქართველო ოც ქულაზე მეტით მოიგებდა, თუ – ვერა. უკანასკნელ წუთებზე ქართველთა სერბმა დამრიგებელმა მოედანზე სათადარიგოები – ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა და ლაშა ფარღალავაც შეუშვა, თუმცა, ბელგიელებმა ამ პერიოდშიც კი ვერაფერი გააწყვეს.
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს ნაკრებში ორმაგი დუბლით მხოლოდ სანიკიძე გამოირჩა, ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კი მისთვის არცთუ დიდხანს – 21 წუთს ითამაშა და 16 ქულას დასჯერდა. დამაჯერებლად მოქმედებდა გუნდის ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეც, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკა “შეხვდა”, თუმცა, როგორც სჩანს, ევრობასკეტს საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. “ბუს” პასებმა მეტოქეს პრობლემა არაერთხელ შეუქმნა. ცალკე უნდა აღინიშნოს სამომავლოდ ქართული კალათბურთის ერთ-ერთი უმთავრესი იმედის – თორნიკე შენგელიას გარჯა, რომელმაც 14:41 წუთში ხუთივე ორქულიანი ზუსტად ტყორცნა და ერთი სამქულიანიც წაამატა, თანაც შეტევების დაგვირგვინებას ძალიან ელეგანტურად ახერხებდა.
თამაშის შემდეგ, ემოციურმა ფონმა მაქსიმუმს მიაღწია. ქართველმა კალათბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხოდაც ხანგრძლივი ოვაციები მიიღეს. ბიჭებს სახეზე უდიდესი სიხარული კი აღბეჭვდოდათ, თუმცა, მატჩის შემდეგ ყველანი ერთსა და იმავეს უსვამდნენ ხაზს – ეს მხოლოდ დასაწყისია და ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთო.
აღნიშნულ კომენტარებს ქვემოთ ვრცლად გაეცნობით, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის პირველი დღის ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი შედეგის დამფიქსირებელ საქართველოს ნაკრებს, ხვალ ურთულესი დაპირისპირება ელის – ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, კლაიპედას არენაზე სათამაშოდ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული გუნდები გავლენ. სატურნირო მიზნებიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას რიგითის სტატუსი კი გააჩნია, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მომავალი მატჩი რიგში “ჩველეუბრივის” სტატუსით არ დგას...
საქართველო – ბელგია 81:59 (20:11, 17:13, 21:18, 23:17)
საქართველო: ვ.ბოისა (19 წ. 10 ქ.), ფაჩულია (21 წ. ქ. 16 ქ.), ცინცაძე (32 წ. 8 ქ. 4 პ.), მარკოიშვილი (32 წ. 5 ქ. 7 მ.), სანიკიძე (25 წ. 13 ქ. 11 მ. 4 პ.); გამყრელიძე (3 წ. 1 ქ.), ა.ბოისა (2 წ. 2 ქ.), შერმადინი (19 წ. 7 ქ. 4 მ.), ფარღალავა (2 წ.), ჰეინსი (14 წ. 4 ქ.), შენგელია (15 წ. 13 ქ.), ცქიტიშვილი (17 წ. 2 ქ.).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
ბელგია: ვან როსომი (20 წ.), ბეგინი (31 წ. 13 ქ. 6 მ. 4 პ.), ლაუერსი (20 წ. 8 ქ.), ფეისონი (32 წ. 7 ქ. 4 მ.), ვან დენ შპიგელი (14 წ. 4 ქ.); მუურსი (23 წ. 7 ქ.), ოვენეკე (1 წ.), შტეინბახი (3 წ.), მუია (12 წ. 6 ქ.), დე ზეეუვი (5 წ.), მბენგა (24 წ. 12 ქ.).
მწვრთნელი: ედი კასტილსი.
მსაჯები: ბელოშევიჩი (სერბეთი), შემეში (ისრაელი), ჩიფრა (უნგრეთი).
კომისარი: სკერისი (ლიტვა).
30/44 (68.2%) ორქულიანი 18/40 (45%)
2/11 (18.2%) სამქულიანი 6.15 (40%)
15/25 (60%) საჯარიმო 5/7 (71.4%)
24 (14 შეტევაში) მოხსნა 21 (7 შეტევაში)
19 პასი 17
15 შეცდომა 17
4 ჩაჭრა 1
1 დაფარება 2
17 პერსონალური ფოლი 23
მატჩის შემდეგ
გიორგი ცინცაძე: “თამაშბეზე საოცარი განწყობით გავედით. ამდენი გულშემატკივრის მხარდაჭერამ დამატებითი ძალები შეგვმატა. ბოლო პერიოდში რამდენიმე დასანანი მატჩი დავთმეთ, თუმცა, სწორედ იქ ვიმარჯვეთ, სადაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “ცხადია, შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მახარებს. მგონი, დავამტკიცეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია. ბელგიასთან ორი მატჩი წავაგეთ, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათი დამარცხება შეგვეძლო”.
ზაზა ფაჩულია: “ბოლომდე დავიხარჯეთ და შედეგიც მოვიდა. თუმცა, მთავარი წინაა. იმ ფაქტმა, რომ პირველ შეხვედრაში იოლად ვიმარჯვეთ, ზედმეტი თავდაჯერება არ უნდა მოგვიტანოს. მთავარი ბრძოლები ახლა იწყება. ძალიან მიხარია, რომ კლაიპედაში ჩამოსული ქომაგები გამარჯვებით გავახარეთ”.
იგორ კოკოშკოვი: “ჩვენ აქ ფავორიტების რანგში არ ჩამოვსულვართ, თუმცა, გამოჩნდა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. ჯგუფში ნებისმიერ მეტოქესთან პაექრობა ძალგვიძს, თუმცა, შანსების პროცენტებით გამოთვლას არ ვაპირებ. მოხარული ვარ, ქართველ ერს ამ წარმატებით სიამოვნება თუ მივანიჭეთ”.
ედი კასტილსი: “ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ნამდვილად არ გვყავს, ამდენად, როდესაც ქართველებმა მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, სიტუაციის გამოსასწორებლად რესურსი ვეღარ მოვიძიეთ. თითქოს, ათქულიან ზღვარს დაბლა ჩამოცილების შანსი რამდენჯერმე გვქონდა, მაგრამ ეს ვერაფრით მოვახერხეთ”.
კრისტოფ ბეგინი: “ქართველები დაცვაში ძალიან მაგრად დაგვიდგნენ, ჩვენ კი მთელი შეხვედრა ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებდით. ამ მარცხმა ჩვენი გეგმები ძალიან არია და ისღა დაგვრჩენია, სიტუაცია მომავალ მატჩებში გამოვასწოროთ”.
დმიტრი ლაუერსი: “მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა. ტაბლოზე ვუყურებდი, სხვაობა როგორ იზრდებოდა, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებდით. გუნდზე ერველეს ტრავმამაც ძალიან ცუდად იმოქმედა. ახლა, უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს. მეორე თამაშში მხოლოდ გამარჯვება თუ გვიხსნის”.
დათო მანჯავიძე კლაიპედადან









