იაპონელმა ოძეკი კისენოსატომ, რომელსაც მაისის ბაშოს საწყისი 11 დღის თავზე ერთადერთი მარცხი ჰქონდა, მე-4 მაეგაშირა ტოჩიოძანთან იორიკირით წააგო და კონკურენტებს გარკვეული იმედები ჩაუსახა. კისენოსატოს უახლოესი მდევრები სწორედ ტოჩიოძანი და მე-7 მაეგაშირა კიოკუტენჰო არიან, რომლებიც ლიდერს ერთადერთი მოგებით ჩამორჩებიან, ასე რომ, “იმპერატორის თასის” ბედი ჯერაც გაურკვეველია. მითუმეტეს, რომ მომდევნო ტურში კისენოსატოს იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ურთულესი გამოცდა ელის.
მონღოლმა “თეთრმა ფენიქმა” ამჯერად ოძეკი კოტოშოგიკუ დაჯაბნა და პირველ ადგილზე მყოფ სეკიტორთან ჩამორჩენა ორ მოგებამდე დაიყვანა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჰაკუჰოს გარდა, 8 მოგებას თავი ოძეკებმა – ბარუტომ, კოტოშოგიკუმ, კაკურიუმა და რიგითმა მაეგაშირებმა – ოკუნოუმიმ, აოიამამ, შოტენრომ, ტამავაშიმა და ტაკარაფუჯიმ მოუყარეს.
წარმატებული დღე ჰქონდათ უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს. აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ მაკუუჩის დებიუტანტი კიმიკაძე კატასუკაშით დაამარცხა. ლევან გორგაძემ იაპონელი მე-13 მაეგაშირას შეტევა ზედა ტავარასთან (დოჰიოს კიდე) მოიგერია და მეტოქე მარცხენა მხარს უკან გადააგდო.
ტოჩინოშინიმ 5 მარცხის ფონზე მე-7 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის გასაფორმებლად დარჩენილი სამი შერკინებიდან ერთის მოგებაც ეყოფა. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოს მომდევნო საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ხსენებულ ტამავაშის შეერკინება, რომელიც მე-15 მაეგაშირას ტიტულით ირჯება. ქართველი სეკიტორი მონღოლს ურთიერთშეხვედრებში 4:2-ს ამარცხებს.
ნაცუ ბაშოზე მე-4 გამარჯვება იზეიმა 200-კილოგრამიანმა თეიმურაზ ჯუღელმა, თუმცა, მას წოდებაში დაქვეითებისგან ვეღარაფერი იხსნის. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სეკივაკე გოეიდო ჰატაკიკომით დაჯაბნა, მაგრამ პასივში არსებულ 8 მარცხს ვეღარაფერს მოუხერხებს. გაგამარუს შემდეგი ორთაბრძოლა კომუსუბი ჰომაშოსთან ელის, რომელთანაც გასული ექვსივე შერკინება წაგებული აქვს. სხვა საქმეა, რომ იაპონელი სეკიტორი ტოკიოში ძალიან ცუდად ირჯება და აქტივში მხოლოდ 2 მოგება აქვს.
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიასთან დაკავშირებით, რომელიც ზაფხულის ბაშოს რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ კოკაი ნაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მაშინ მოიხსნა, როდესაც ბალანსი 6:4-ზე ჰქონდა. შედეგად, “შავ ზღვას” მასურაუმისთან წაგება ჩაეთვალა, დღეს მისი ბრძოლა განრიგში საერთოდ არ ყოფილა, ხვალ, კოკაის კვლავაც დოჰიოზე ელიან. როგორც სჩანს, 31 წლის ცაგურიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და იგი ტოსაიუტაკასთან შეხვედრაში დაბრუნდება. კოკაი ზაფხულის ბაშოზე მე-11 განთესვით ასპარეზობს, იაპონელი კი მე-6 ნომერია.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=YsGdvX4ccL0







